ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს “სადამსჯელო” სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს ორდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რაც ჩინური მხარის თქმით, “ძლიერი სასჯელია” ტაივანის “სეპარატისტული ქმედებებისთვის”.
მანამდე, სამი დღით ადრე, ტაივანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ლაი ჩინგ-ტეს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომელმაც ჩინეთს მოუწოდა, რომ ტაივანის მიმართ მუქარა შეწყვიტოს და გაითავისოს ის ფაქტი, რომ ტაივანში დემოკრატია არსებობს.
თავის მხრივ, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ ჩინეთის ქმედებები დაგმო და სამხედრო წვრთნებს “ირაციონალური პროვოკაციები” უწოდა, “რომელიც რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეში აგდებს”.
ამასთანავე, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალები “[ტაივანის] სუვერენიტეტის დასაცავად” განალაგეს.
23 მაისს ჩატარებული წვრთნები ტაივანის კუნძულის გარშემო ჩატარდა და ამასთანავე პირველად ტაივანის კონტროლის ქვეშ მყოფი კინმენის, მაწუს, ვუციუსა და დონგინის კუნძულებიც მოიცვა. ამას გარდა, ტაივანელი სამხედრო ექსპერტების თქმით, ჩატარებულ სამხედრო წვრთნებში ჩინეთმა ტაივანზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის სიმულაცია პირველად გაიარა.
13 იანვარს, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის, დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) კანდიდატმა და ქვეყნის მაშინდელმა ვიცეპრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ გაიმარჯვა.
ლაი და მისი პარტია ტაივანის დამოუკიდებელ იდენტობას უჭერენ მხარს და ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს მტკიცედ უარყოფენ, რის გამოც ჩინეთმა ისინი გააკრიტიკა. არჩევნებამდე, ჩინეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ლაი სახიფათო სეპარატისტია, რომელსაც ტაივანის ფორმალური დამოუკიდებლობის გამოცხადება სურს და ამის გამო ომი შეიძლება დაიწყოს, ხოლო ტაივანელ ამომრჩევლებს მოუწოდეს, მისთვის ხმა არ მიეცათ.
ტაივანის ახალარჩეული პრეზიდენტის თქმით, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობასა და სტატუს ქვოს შეინარჩუნებს. ლაი ამბობს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის და “მიზანდასახულია, დაიცვას ტაივანი ჩინეთისაგან უწყვეტი საფრთხისა და დაშინებისგან”.
აღსანიშნავია, რომ -ს ტაივანთან გაფორმებული აქვს უსაფრთხოების შეთანხმება, რის საფუძველზეც ვაშინგტონი კუნძულს ჩინეთის მხრიდან პოტენციური შეიარაღებული თავდასხმის შესაჩერებლად საჭირო ტექნიკითა და ტექნოლოგიით ამარაგებს. ბოლო წლებში, პეკინის მხრიდან ტაივანზე სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ზრდასთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა ტაიპეის და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მხარდაჭერა გააძლიერა.
აშშ-ს მთავრობა კუნძულის სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით პოზიციას არ იკავებს, თუმცა მიიჩნევს, რომ უთანხმოება მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. ჯო ბაიდენმა აშშ-ში ვიზიტით მყოფ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს უთხრა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ნებისმიერ ცვლილებას ეწინააღმდეგება.
ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ