ჩინეთმა ამერიკიდან იმპორტირებულ პროდუქტს საპასუხო ტარიფები დაუწესა, თუმცა ეს შედარებით მცირე რაოდენობის პროდუქტს შეეხება. ამერიკული კომპანიების ნაწილი, მათ შორის “გუგლიც” შესაძლო სანქციების მოლოდინშია.
პეკინის პასუხი დონალდ ტრამპის მიერ ყველა ჩინურ პროდუქტზე 10 %-იანი ტარიფის დაწესების თაობაზე შედარებით შეზღუდული იყო. ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს დონალდ ტრამპის მოლაპარაკებებში ჩართვა სცადოს და მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის პირდაპირი სავაჭრო ომი თავიდან აიცილოს.
ბრიტანეული კვლევითი კომპანია “Capital Economics” -ის შეფასებით, ჩინეთის დამატებითი ტარიფი დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების წლიურ იმპორტს შეეხება, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები კი – 450 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქტს. ახალი ტარიფები სამშაბათიდან ამოქმედდა.
“ეს ზომები საკმაოდ მოკრძალებულია, ყოველ შემთხვევაში ამერიკის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯთან შედარებით, ისინი მოზომილია იმისთვის, რომ ამერიკას მესიჯი გაუგზავნოს”, – ამბობს ჯულიან ევანს-პრიტჩარი, კომპანიის ჩინეთის ეკონომიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
დონალდ ტრამპმა მექსიკისა და კანადის წინააღმდეგ 25 %-იანი ტარიფები გამოაცხადა, თუმცა ორშაბათს ორივე ქვეყნის ლიდერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ამ ტარიფების ამოქმედება 30 დღით გადადო. ამის სანაცვლოდ კი საზღვრის დაცვის გაძლიერების გარანტიები მიიღო.
დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბარსაც აპირებს. თეთრი სახლის პრესსპიკერის ცნობით, ის სის კვირის ბოლოს დაელაპარაკება.
კვირას კი ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი სატარიფო პოლიტიკის შემდეგი სამიზნე ევროკავშირი იქნება, თუმცა არც დრო დაუსახელებია და არც კონკრეტული მიმართულება.
ურსულა ვონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ბრიუსელი მზადაა რთული მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია ძლიერი პარტნიორობის საფუძვლების განსაზღვრა ევროკავშირის უდიდეს სავაჭრო და ინევსტორ პარტნიორთან.
“ჩვენ ვიქნებით გახსნილები და პრაგმატულები იმის თაობაზე, თუ როგორ მივაღწიოთ ამას. მაგრამ ჩვენ ასევე მკაფიოს გავხდით იმას, რომ ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს საკუთარ ინტერესებს – როგორც და როცა საჭირო იქნება”, – განაცხადა მან.
