ჩინეთის დელეგაციამ ქართველ ლიდერებს შეხვედრებზე „სი ძინპინის ფიქრები“ გააცნო – საელჩო

საქართველოში ჩინეთის საელჩოს ცნობით, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის დელეგაციამ თბილისში ოფიციალური ვიზიტისას ქვეყნის ლიდერებს „სი ძინპინის“ იდეოლოგიური დოქტრინა გააცნო.
კვირის დასაწყისში, 15-16 აპრილს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუ და მისი თანმხლები დელეგაციაა მიიღეს:
· პრემიერ-მინისტრმა მ;
· პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა;
· პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ჩინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ვოლსკიმ;
· საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა;
· ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ქართული მხარის წარმომადგენლების გავრცელებული პრესრელიზები ხაზს უსვამდა, რომ შეხვედრებზე საუბრობდნენ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, მათ შორის ვაჭრობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, „ერთიანი ჩინეთის პრინციპსა“ და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე.
ხუთშაბათს, 18 აპრილს, ჩინეთის საელჩოს პრესცენტრის გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ლიდერებთან შეხვედრებზე, – გარდა იმ საკითხებისა, რაზეც ქართული მხარის ცნობებში ეწერა, – სი ძინპინის პოლიტიკურ დოქტრინაზე „სიღრმისეულად“ ისაუბრეს.
კერძოდ, საელჩოს ცნობით, „ისინი [ლიდერებს] შეხვდნენ და საუბრები გამართეს, რათა სიღრმისეულად გასცნობოდნენ სი ძინპინის ფიქრებს ჩინური სპეციფიკის მქონე სოციალიზმის ახალ ეპოქაზე“ და „ჩინეთის უახლეს მიღწევებს ეკონომიკურ და სოციალურ მიმართულებებში“.
„სი ძინპინის ფიქრები ჩინური სპეციფიკის მქონე სოციალიზმის ახალ ეპოქაზე“, – უფრო მოკლედ, „სი ძინპინის ფიქრები“ – არის იდეოლოგიური დოქტრინა, რომელიც პრეზიდენტმა სი ძინპინმა შექმნა. 2017 წლიდან იგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციაშია შეტანილი.
დოქტრინა, – რომელიც შედგება „10 მტკიცებისგან, 14 პირობისა და 13 მიღწევისგან“, – ჩინეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში კომუნისტური პარტიის მნიშვნელობას უსვამს ხაზს; იგი ავითარებს „ჩინური ოცნების“ მიღწევის იდეას, რაც „ჩინელი ერის აღორძინებას“ გულისხმობს. ის წარმოადგენს ჩინეთის მომავალსა და სტრატეგიებზე პრეზიდენტ სი ძინპინის წარმოდგენების შეჯამებას.
დოქტრინას 2021 წლიდან ჩინეთის სკოლებში სავალდებულო საგნად ასწავლიან.
2023 წელს საქართველომ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს.
პარტნიორობის დეკლარაციის ერთ-ერთი მუხლის თანახმად,
· „მხარეები გამოთქვამენ მზაობას მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაცვლის კუთხით, საერთო განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“;
· „მხარეები ხაზს უსვამენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ისევე როგორც პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობას, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობის გამყარება სხვადასხვა მიმართულებით“.