ჩინეთის გახსნა აშშ-ის ბიზნესისთვის იქნება, როგორც სრულიად ახალი სამყაროს გახსნა და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება ჩინეთისთვის – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლებლად მიიჩნევს ვაჭრობის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს.
„დიახ, ამას შესაძლებლად ვთვლი. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს აუცილებელი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
ინტერვიუს დროს ტრამპმა ასევე ისაუბრა ჩინეთთან დადებულ ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე, რომელიც, მისი თქმით, მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს.
„ერთ-ერთი რამ, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო შეიძლება იყოს ჩვენთვის და ასევე ჩინეთისთვის, არის ის, რომ ჩვენ ვცდილობთ, გავხსნათ ჩინეთი, რადგან, როგორც იცით, მრავალი წლის წინ ჩვენ გავხსენით . ახლა დროა, ჩინეთმაც გახსნას თავისი ბაზარი და ეს ჩვენი შეთანხმების ნაწილია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე ისაუბრა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან კარგ ურთიერთობაზე.
„ურთიერთობა ძალიან კარგია. ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ სისთან. ეს ურთიერთობა შეწყდა COVID-19-ის გამო, ცხადია, მაგრამ ამის გარდა, ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ და ვნახავთ, როგორ წარიმართება ყველაფერი“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შეთანხმების პოტენციურ სარგებელს.
„ჩინეთის გახსნა აშშ-ის ბიზნესისთვის იქნება, როგორც სრულიად ახალი სამყაროს გახსნა და მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება ჩინეთისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა გაერთიანებულ სამეფოსთან სავაჭრო შეთანხმების წარმატებულ მაგალითზე, სადაც პირდაპირმა კომუნიკაციამ პრემიერ-მინისტრთან სწრაფად გადაწყვიტა პრობლემური საკითხები.
„სამი წუთის განმავლობაში ყველაფერი დასრულდა. ჩვენ დავდეთ შეთანხმება. ეს იყო კარგი შეთანხმება ყველასთვის“, – განაცხადა ტრამპმა.
1tv.ge