ჩინეთის ბაზარზე ელექტრომობილების წილი 50%-ს 2025 წელს გადააჭარბებს, Pagani Huayra R აუქციონზე პირველად გაიყიდება – კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ “ ჰოლდინგი”
Honda, Nissan-ი და Mitsubishi ერთიანდებიან
Honda-მ და Nissan-მა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მომდევნო 6 თვეში ისინი გაერთიანებისა და ჰოლდინგური კომპანიის ჩამოსაყალიბებლად მოლაპარაკებებს დაიწყებენ. Mitsubishi-იც, რომელიც Nissan-ის პარტნიორი კომპანიაა, ამ საუბრებში ასევე მოიაზრება. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ბრენდები 2026 წელს გაერთიანდებიან. „დედა კომპანია“, Honda იქნება, რომელსაც ჰოლდინგში ყველაზე მეტი დირექტორი ეყოლება. შედეგად 50-მილიარდიან კომპანიას მივიღებთ, რომელიც თავისი სიდიდით, Toyota-სა და VW Group-ის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ავტომწარმოებელი გახდება.
გაერთიანების მიზეზად „გლობალური კონკურენციის შენარჩუნება და მომხმარებლების მოთხოვნებისთვის უფრო შესაფერისი პროდუქტის შექმნა“ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ამ ამბავს წინ Nissan-ის პრობლემები და გამოწვევები უძღოდა. კომპანიამ 9000 დასაქმებული გაათავისუფლა, წარმოების მოცულობა კი 20%-ით შეამცირა. მას შემდეგ კი, რაც Honda-თან გაერთიანებაზე დაიწყეს ლაპარაკი, მათი აქციების ღირებულება 20%-ზე მეტით გაიზარდა.
გაერთიანების შემდეგ Honda, Nissan-ი და Mitsubishi დამოუკიდებელი ბრენდები დარჩებიან. ისინი პლატფორმებს და საწარმოო სიმძლავრეებს გაუზიარებენ ერთმანეთს. საერთო კონცეფციის შემუშავება კი ხარჯებსა და სირთულეებს შეამცირებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეთანხმება Stellantis-ისა და VW Group-ის იაპონური ანალოგი იქნება.
უპრეცედენტო დაცვა საათში 120 კილომეტრის სიჩქარით, შეჯახებისას – ახალი პლატფორმა ელექტრო მანქანებისთვის
ჩინურმა CATL-მა, რომელიც ელექტრო ავტომობილებისთვის ბატარეების უმსხვილესი მწარმოებელია, სრულიად ახალი საავტომობილო პლატფორმა წარადგინა. დასაწყისშივე გეტყვით, რომ სიახლეს განსაკუთრებული უსაფრთხოების გარანტიები მოჰყვება, რომელიც 120 კმ/სთ სიჩქარით წინა მხრიდან შეჯახებისას დაცვის უპრეცედენტო სტანდარტებს ამკვიდრებს.
პლატფორმას Bedrock – “კლდის ბაზა” ჰქვია. უსაფრთხოების დონე აღემატება ყველა მიმდინარე სტანდარტს. პლატფორმას შეუძლია გაუძლოს ფრონტალურ დარტყმას საათში 120 კილომეტრის სიჩქარით ხანძრის საფრთხის გარეშე, ხოლო C-NCAP ტესტებში ფრონტალური შეჯახება საათში 56 კილომეტრზე ხდება. სპეციალური დიზაინის წყალობით, ზემოქმედების ენერგიის 85 პროცენტამდე შეწოვა ხდება. შასის სტრუქტურა წააგავს კუს ბაკანს, რომელიც დამზადებულია ცხელი ფორმირებული ფოლადისგან, რომელიც გამოიყენება წყალქვეშა ნავებში.
Bedrock-ში მაღალი ძაბვის სისტემა ავტომატურად ითისება ავარიის დროს, შესაბამისად უჯრედები არ ფეთქდება არც შეხებისას, არც 90 გრადუსიანი კუთხით დახრისას.
პლატფორმა მასშტაბირებადია, მასზე შეიძლება სხვადასხვა ტიპის და კლასის ავტომობილები შეიქმნას. პირველი მწარმოებელი, რომელსაც Bedrock-ის გამოცდის შანსი ექნება, Avatr-ია, ბრენდი, რომელიც შექმნილია Changan Automobile-ის, Huawei-სა და CATL-ის მიერ.
33,567 განაცხადი – Hyundai-მ მეორე თაობის “Palisade”-ის გაყიდვები დაიწყო
Hyundai-მ მეორე თაობის ქროსოვერი “Palisade”-ის წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო და პირველივე დღეს, 33,567 განაცხადიც მიიღო. Hyundai Motor-ის ცნობით, შიდა რეიტინგში ქროსოვერი ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე გადავიდა, ჩამორჩება მხოლოდ Ioniq 6-ს, რომელიც პირველივე დღეს 37,446 მომხმარებელმა შეუკვეთა და განახლებულ Kia Carnival მინივენს, რომელზედაც 36,455 განაცხადი შევიდა გაყიდვის დაწყების პირველსავე დღეს. მეორე თაობის Palisade, ბენზინის ძრავით, სამხრეთ კორეაში 43,83 მილიონი ვონი ღირს, რაც მიმდინარე კურსით, 29,739 დოლარია. მისი ჰიბრიდული ვერსია კი 49,82 მილიონი ვონი ღირს, რაც 33 803 დოლარია.
ახალმა “Palisade”-მა ორიგინალური ექსტერიერი მიიღო, გაიზარდა ზომით და შეიძინა ცხრა ადგილიანი ვერსია მძღოლსა და მგზავრს შორის დამატებითი ადგილით. ქროსოვერი ხელმისაწვდომია ტყავის სავარძლებით, “Bose” აუდიო სისტემით, 21 დიუმიანი დისკებით, თითის ანაბეჭდის ავთენტიფიკაციის სისტემით და მრავალი სხვა თანამედროვე აღჭურვილობით. ძრავების დიაპაზონი ოფიციალურად შემცირდა ერთ ერთეულამდე – Smart stream ოჯახის 2.5 მოცულობის „ტურბო-ოთხი“. თავსებადია ბენზინის და ჰიბრიდული სისტემის მოდელებზე. პირველ შემთხვევაში სიმძლავრე 281 ცხენის ძალა იქნება. მეორეში სიმძლავრე ოდნავ დაბალი იქნება – 261 ცხენის ძალა, მაგრამ კომბინირებულად 334 ცხენის ძალას მიაღწევს.

ჩინეთის ბაზარზე ელექტრომობილების წილი 50%-ს 2025 წელს გადააჭარბებს
ჩინეთის მთავრობის მიზანი, რომ 2035 წლისთვის ელექტრომობილების წილი შიდა ბაზარზე 50%-ი ყოფილიყო, 10 წლით ადრე, 2025 წელს შესრულდება. მომავალ წელს, ბატარეებზე მომუშავე მანქანები დაიკავებენ მსოფლიოს უდიდესი ბაზრის ნახევარზე მეტს. ასეთ პროგნოზს აკეთებენ UBS, HSBC, Morningstar და Wood Mackenzie, წერს Financial Times. მიმდინარე წლის ბოლომდე ჩინელები 12 მილიონ ელექტრომობილს შეიძენენ, რაც 20%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. თუ ტენდენცია გაგრძელდება, ჩინეთი შეძლებს მწვანე მიზნის მიღწევას ევროპამდე და დაგეგმილზე 10 წლით ადრე.
მიმდინარე პროგნოზების მიხედვით, 2034 წლისთვის ბატარეებზე მომუშავე მანქანების გაყიდვები ჩინეთში შეიძლება 18 მილიონ ერთეულამდე გაიზარდოს. შიგა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებზე კი მოთხოვნა მცირდება და 2034 წლისთვის გაყიდვების შემცირება 3 მილიონ ერთეულამდეა პროგნოზირებული. მზარდია ჰიბრიდების პოპულარობაც. 2025 წელს გაყიდული plug-in hybrid-ების მოცულობაც რეკორდს დაამყარებს, ხოლო 2033 წელს ექვს მილიონ ერთეულს გადააჭარბებს.
საწვავზე მომუშავე ავტომობილებთან ერთად, ჩინეთის ბაზარზე პოპულარობას და შესაბამისად წილს კარგავენ უცხოური ავტომწარმოებლები. 2024 წელს უცხოური ავტომობილების წილი 37 %-მდე შემცირდა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 64&-ს შეადგენდა.
Pagani Huayra R აუქციონზე პირველად გაიყიდება
Pagani Huayra R აუქციონზე პირველად გაიყიდება. ამ მოდელის 30 ეგზემპლარის წარმოებაა დაგეგმილი, ეს კი მეხუთე ეგზემპლარია, რომელსაც მხოლოდ 196 კილომეტრის გარბენი აქვს.
სავარაუდო ფასის დიაპაზონი 2,8-დან 3,2 მილიონ ევრომდეა. არც ისე ბევრი, თუ გავითვალისწინებთ თავდაპირველ ღირებულებას 2,6 მილიონ ევროს. Berlinetta აგებულია Zonda R-ის პლათფორმის მიხედვით და აღჭურვილია ბუნებრივ ასპირაციული V12-ით, რომელიც შექმნილია ნულიდან სპეციალურად ამ მოდელისთვის სულ რაღაც 2 წელიწადში.
Huayra R არ არის ლეგალური, ამიტომ მომავალ მფლობელს შეეძლება მისი მართვა მხოლოდ დახურულ გზებზე. ექვსლიტრიანი ძრავა 850 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი მაბრუნი მომენტი კი და 750 ნმ-ია. წარმოიდგინეთ წუთში 9 000 ბრუნი და ფორმულა 1-ის წარსულის ავტომობილების ხმა.