ჩილეში ძველ ავტოსაბურავებს ელექტრომობილების ბატარეებად გარდაქმნიან

ჩილეში ახლად დაფუძნებული კომპანია, თითქმის პირდაპირი მნიშვნელობით, ბორბალს „თავიდან იგონებს“.
კომპანია ძველ საბურავებს, თანამედროვე ელექტრომობილების ბატარეებად გარდაქმნის.
T-Phite, რომელიც კერძოდ დაფინანსებული “Sustrend Laboratory”- ს ნაწილია, ამბობს რომ მის ტექნოლოგიას შეუძლია დაეხმაროს ყოველწლიური პრობლემის გადაჭრას, მილიარდზე მეტი გაცვეთილი ავტოსაბურავი ნაგავსაყრელზე არ აღმოჩნდეს და იმავდროულად ლითიუმ-იონური ბატარეების წარმოება უფრო სიცოცხლისუნარიანი გახადოს.
მათი ტექნოლოგიური პროცესი ძველი საბურავებიდან პიროლიზის მეშვეობით ამოღებული შავი ნახშირბადის გაწმენდას და ბატარეის ხარისხამდე მიყვანილ, გრაფიტულ მყარ ნახშირბადად გარდაქმნას მოიცავს. ეს მასალა ლითიუმ-იონური ბატარეის ანოდის ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
გლობალურად, წელიწადში დაახლოებით 29 მილიონი ტონა საბურავი უვარგისი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გლობალურად საბურავების გადამუშავების დონე იზრდება, მდგრადი განვითარების მსოფლიო ბიზნეს საბჭოს თანახმად, ყოველწლიურად ასობით მილიონი გაცვეთილი საბურავი ნაგავსაყრელებზე ხვდება.
მოელიან რომ – ბედის ირონიით – ელექტრომობილებზე აქცენტის გადატანა დაძველებული საბურავების რაოდენობას გაზრდის იმ დამატებითი ცვეთის გამო, რომელსაც ბატარეის წონა იწვევს.
T-Phite ამბობს, რომ მნიშვნელოვანი დაინტერესება მიიღეს პოტენციური ინვესტორების მხრიდან, რომლებსაც ამ ტექნოლოგიური პროცესის ინდუსტრიულ მასშტაბამდე გაზრდა სურთ.