ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, სჭირდება კლინიკაში გადაყვანა – ბესელია

იურისტი, “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელი ამბობს, რომ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. ბესელიამ ჩიკვაიძე საპატიმროში მოინახულა.
ადვოკატი ამბობს, რომ მას ვიზუალურადაც აღენიშნება სისხლჩაქცევები სხეულზე. გარდა ამისა, ჩიკვაიძე არ ენდობა ციხის ადმინისტრაციას და არ სურს იმ საკვების მღება, რომელსაც აწვდიან. ის ითხოვს, რომ საშუალება მისცენ, მიიღოს ოჯახის მიერ მიწოდებული საკვები.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ აუცილებელია ჩიკვაიძის გადაყვანა ისედაც სამოქალაქო კლინიკაში, რომლის პერსონალის მიმართაც ბრალდებულს ნდობა ექნება. რაც შეეხება მისი საქმის სამართლებრივ ნაწილს, ბესელია იმეორებს, რომ ჩიკვაიძე პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ დასძენს, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლაზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია, მოსამართლემ გაითვალისწინოს ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
“მისი მდგომარეობა არის ძალიან საყურადღებო, ძალიან კრიტიკული და მე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს გავსვა ხაზი, რომელიც იმ სტრუქტურების პასუხისმგებლობაა, ვინც პასუხისმგებელია გიორგი ჩიკვაიძის, ისევე როგორც სხვა პატიმრების ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე […] ის, რომ ის ეტლით გადაადგილდება და დაპატიმრების შემდეგ მისი მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მას დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე არ შეუძლია, ეს არის ის ძალიან რთული და მძიმე მოცემულობა, რომელსაც სამართლებრივად სჭირდება რეაგირება. როგორც დააპატიმრეს უკანონოდ – ეს იყო აბსოლუტურად ღიად გამოხატული, პოლიტიკური დაპატიმრების კლასიკური მაგალითი – ისე უნდა შეუცვალოს მოსამართლემ პატიმრობა, როგორი დავალებაც არ უნდა ჰქონდეს მას. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ნორმალურ პირობებში მიიღოს ყველა ის სამედიცინო, აუცილებელი, გადაუდებელი სერვისი, რომლის მიმართ მას ნდობა ექნება. მისი მდგომარეობა დამძიმდა. მე დღეს თავად ვნახე – არ მაქვს სამედიცინო განათლება, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ციხეებში, მათ შორის საავადმყოფოებში მყოფი პატიმრების მონახულების – ვიზუალურად, გამოხატულად ეტყობა მას ორივე ფეხზე ეს სისხლჩაქცევები და სილურჯეები, რომლებიც სპეციალისტების მიერ არის გამოსაკვლევი, რა ხდება, რატომ მოხდა და რა საფრთხის შემცველია. რომ არის ეს საფრთხის შემცველი, ეს არის უდავო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. არ არის საკმარისი მხოლოდ ნევროლოგის კონსულტაცია. მას სჭირდება სპეციალიზებულ, დაცულ კლინიკაში გადაყვანა, სადაც მისთვის სანდო ექიმები და სპეციალისტები გაუწევენ აუცილებელ დახმარებას”, – განაცხადა ბესელიამ TV პირველთან საუბრისას.
გარდა ამისა, ბესელია ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად და იმის დასადგენად, რამ გამოიწვია მისი ასე დასუსტება დაპატიმრების შემდეგ, ითხოვს სასამართლო ექსპერტიზის ჩატარებას.
ამავე თემაზე:
· გიორგი ჩიკვაიძე ციხის ექიმებს კვლევებსა და მკურნალობას უნდობლობის გამო უკრძალავს
· ვეღარ გადავადგილდები, მარცხენა თვალით ვეღარ ვხედავ — გიორგი ჩიკვაიძე
· მოშიმშილე პატიმარზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა — გიორგი ჩიკვაიძის დედა