“ჩვენ ეს შევძელით” – ლეიბორისტი სტარმერი ბრიტანეთის არჩევნებში გამარჯვებას აღნიშნავს

ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობის შემდეგ 4 ივლისის არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა. ჯერჯერობით არაა დათვლილი ყველა საარჩევნო უბანი, თუმცა ხმათა პროპორციულობით გამარჯვებული უკვე დადგინდა.
არჩევნებში გამარჯვება საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად აღნიშნა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, კირ სტარმერმა. ის სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ცვლილებების დროა.
“ჩვენ ეს შევძელით. ამისთვის თქვენ მონაწილეობა მიიღეთ კამპანიაში, ამისთვის იბრძოლეთ, ამისთვის მიეცით ხმა და ახლა ის მივიღეთ. ცვლილებები იწყება ახლა. გულწრფელად უნდა ვთქვა, კარგი შეგრძნებაა. ოთხნახევარი წლის მუშაობა პარტიის ცვლილებისთვის ამისთვის იყო საჭირო. შეცვლილი ლეიბორისტული პარტია, რომელიც მზადაა, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, მზადაა, ბრიტანეთი კვლავ ჩააყენოს მომუშავე ხალხის სამსახურში.
მთელ ქვეყანაში, ხალხი გაიღვიძებს სიახლით, შვებას იგრძნობენ, რადგან ტვირთი საბოლოოდ მოეხსნათ ამ დიდებული სახელმწიფოს მხრებიდან. ახლა კი კვლავ შეგვიძლია ვიყუროთ წინ, დილისკენ, იმედის მზის სხივებისკენ, რომელიც თავიდან ფერმკრთალი იქნება, მაგრამ დღის განმავლობაში გაძლიერდება, კვლავ გაანათებს ქვეყანას 14 წლის შემდეგ მომავლის დაბრუნების შესაძლებლობით.” – თქვა სტარმერმა.
კირ სტარმერი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი გახდება. მას შემდეგ, რაც არჩევნების ხმები საბოლოოდ დაითვლება, კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი, ამჟამინდელი პრემიერი მეფეს პოსტის დატოვების შესახებ შეატყობინებს, ეს უკანასკნელი კი ახალი მთავრობის ფორმირებისთვის სტარმერს მოიწვევს.
მოლოდინების მიხედვით, წლევანდელი არჩევნების შედეგი კონსერვატიული პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი იქნება. პარტიამ მანდატები დაკარგა ისეთ რეგიონებში, სადაც საუკუნეზე მეტია ერთი ადგილიც არ დაკლებიათ. კონსერვატორებმა ყველა ადგილი დაკარგეს უელსში. აღსანიშნავია, რომ საკუთარი ადგილი დაკარგა ყოფილმა პრემიერმა, კონსერვატორმა ლიზ ტრასმაც.
ამჟამინდელი დათვლილი ხმებით, ლეიბორისტთა პარტიას 650 მანდატიდან მოპოვებული აქვს 389. ხმების სრულად დათვლის შემდეგ მათ შეიძლება პარლამენტში ადგილების უპრეცედენტო რაოდენობა მოიპოვონ. ლეიბორისტებმა ყველაზე მეტი, 418 მანდატი 1997 წელს მოიპოვეს. მაშინ პარტიას ტონი ბლერი უძღვებოდა.
რიში სუნაკმა დამარცხება აღიარა და თქვა, რომ ბრიტანელმა ხალხმა “გამომაფხიზლებელი განაჩენი გამოიტანა”. მან მარცხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
ვადამდელი არჩევნების 4 ივლისს ჩატარების შესახებ სუნაკმა 22 მაისს გამოაცხადა. ის რეზიდენციის ეზოში სიტყვით გამოსასვლელად წვიმაში გავიდა მაშინ, როცამიმდებარე ტერიტორიიდან ლეიბორისტული პარტიის ჰიმნი ისმოდა და მის ხმას ნაწილობრივ ფარავდა.
მაშინ სუნაკმა თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთში ყველაზე მძიმე პერიოდია და საკითხავი ის იყო, თუ ვის ენდობოდა მოსახლეობა. არჩევნები ბრიტანეთში რამდენიმე თვეში უნდა ჩატარებულიყო. სუნაკს შეეძლო, რომ 2025 წლის იანვრამდე არჩევნები ნებისმიერ დღეს დაენიშნა.
ბრიტანელი ამომრჩევლის მთავარ უკმაყოფილებას სოციალური პირობები წარმოადგენდა. სტარმერმა პირობა დადო, რომ ხალხის ცხოვრების სტანდარტს გააუმჯობესებს.
BBC-ის ვარაუდით, საარჩევნო აქტივობა 1885 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მცირე იქნება. ბრიტანული მედიის შეფასებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა 60% მივიდა. ამაზე მცირე აქტივობა მხოლოდ 2001 წელს იყო, როცა ხმა მხოლოდ 59%-მა მისცა.