საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს და რუსთაველის პროტესტის დაცვისკენ მოუწოდებს.
როგორც ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს, 4 ოქტომბრიდან „გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ“.
„პირველ რიგში, უნდა დავინახოთ, რომ რეჟიმს ჩაუვარდა არჩევნები. არ მივიდა ხალხი არჩევნებზე, იმიტომ რომ, როგორც ზოგიერთი სხვებიც ამბობენ, ქართველი ხალხი ბრძენია. როცა შენ ელოდები, რომ გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები გამოსწორდეს და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, არ შეიძლება, დასთანხმდე ადგილობრივ ფარსზე. ეს ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად გაიგეს და ვინც რაღაცით იძულებული ან დაინტერესებული არ იყო, არ მივიდა არჩევნებზე“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამავდროულად, ზურაბიშვილის თქმით, პროტესტი გაცოცხლდა, როგორც „პროტესტი ამ ადგილობრივი არჩევნების მიმართ“.
„გამოვიდა 70 000 თუ 80 000, რომელიც ირაკლი კობახიძეს თვალში ეცოტავა, მაგრამ ამდენიც გამოვა და მეტიც… მესამე, რაც მოხდა, იყო ის, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა. ეს იყო ნამდვილი რუსული სპეცოპერაცია, დიდი ხნის წინათ მომზადებული ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც ეფუძნებოდა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს… იმ უიმედობას, რომელიც შეიძლება დაგროვდა, დაღლილობაც არის ამ პროტესტში… ამაზე ითამაშეს და ამაზე მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა და მეც მეხებოდა ეს ხაფანგი, რამეთუ ეს პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ის, რაც რეალურად გვრჩება და რაც არის ხალხის თვალში ნამდვილი ლეგიტიმაცია“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მიუხედავად ამისა, მისი თქმით, მშვიდობიანმა პროტესტმა თავისი სახე შეინარჩუნა.
„ნებისმიერი დიქტატურა ასეთი პროტესტის წინაშე არის უძლური. მას აქვს მხოლოდ ერთადერთი შესაძლებლობა, ეს არის პასუხი ძალით და ძალადობრივი მეთოდებით და როცა შენ ხარ მშვიდობიანი, თვითონ ვეღარ გამოაჩენს თავს, როგორც მშვიდობიან ძალას, რომლის პრეტენზიაც აქვს და უნდა მაინცდამაინც, რომ შენ შეგცვალოს, შენ გადაგიყვანოს სხვა ქმედებაზე“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, გუშინ ხალხი მშვიდად და ბოლომდე იდგა რუსთაველზე.
„კი ეცადა კობახიძემ, — უთქვამს, რომ ყველა თქვენ ხართ რაღაცა ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებელიო. სისულელეა, ყველა ძალიან მშვიდად იდგა და ამისი უამრავი კადრები არსებობს. მე ასეთი შეგნებული ხალხი მართლაც არ მინახავს. რადგან ეს დაინახა რეჟიმმა, დღეს, როგორც არასოდეს, უნდა, რომ მოსპოს რუსთაველის პროტესტი. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელი არის, რომ გავიდეთ რუსთაველზე და გავიდეთ ყველანი ერთად. რუსთაველი დღეს არის დასაცავი. პროტესტი გრძელდებოდა 300 დღეზე მეტი და სადაც ჩვენ ვიცავდით კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს და კონსტიტუციის სწორედ იმ მუხლს, რომელიც ამ ევროპულ მომავალს ასახავს. ჩვენ არ გადავალთ არცერთ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე, ვერ მოგვატყუებენ და ვერ გადაგვიყვანენ სხვა რეჟიმში. ჩვენ ვართ მშვიდობიანი პროტესტი და რუსთაველი არის გარანტია, რომ ეს რეჟიმი ბოლოს ჩამოიშლება; რომ იზოლაცია გარედან გაგრძელდება; რომ ჩვენ ერთმანეთის გვჯერა და დადგება დღე ნამდვილი არჩევნების, სადაც მართლაც გავაკეთებთ ჩვენ არჩევანს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან საზოგადოებას დღეს, რუსთაველზე გასვლისკენ და მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა.
