„ჩვენი ღვინის გაყიდვების 20% აშშ-ის ბაზარზე მოდის“- ვარციხის მარანი

„ჩვენი გაყიდვების 20% -ს ბაზარზე გადის“- ამის შესახებ „კომერსანტს“ „ვარციხის მარნის“ დამფუძნებელმა დავით ცერცვაძემ უთხრა, მისი თქმით ვარციხის მარანი 12 სახეობის ღვინოს აწარმოებს. მათი წარმოება ძირითადად იმერული ჯიშის ყურძენზეა, თუმცა მარანს აქვს ვენახები გურჯაანის სოფელ ვაზისუბანშიც, სადაც რქაწითელს და საფერავს აწარმოებს.
„ჩვენ წარმოებაში არის 12 სახეობის ღვინო, ასევე სამ ჰექტარ ფართობზე ვენახები გვაქვს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანშიც. იმერულ ღვინოებში გვაქვს კრახუნა, ცოლიკაული, ციცკა, ალადასტური, რქაწითელი, ოჯალეში და სხვა.
ჩვენი ღვინოები ძირითადად ჩვენი ქსელის რესტორნებში ბაკურიანში, გონიოში და გუდაურში არის შეტანილი. გაყიდვების 60-70% სასტუმროებსა და რესტორნებში ხორციელდება, მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 20% აშშ-ს ბაზარზე მოდის“ – აღნიშნა დავით ცერცვაძემ.
ცერცვაძის თქმით „ვარციხის მარნის“ წარმადობა წლიურად 20 000 ბოთლია.
„ამ ეტაპზე სხვა ქვეყნებში ექსპორტზე ვერ ვფიქრობთ, რადგან მაგ რაოდენობის წარმადობა არ გვაქვს, თუმცა წარმოებას ვზრდით გვაქვს ახალი ვენახები 20 ჰა მიწაზე გაშენებული, რომელიც 2-3 წლისაა და კიდევ მაგდენი სჭირდება იმისთვის, რომ მოსავალი მოგვცეს, შემდეგ შეიძლება, რომ სხვადასხვა ბაზარზე დავიწყოთ ფიქრი”- აღნიშნა დავით ცერცვაძემ.