ჩვენი ქვეყანა ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებულად მომატებული საფრთხეების ქვეშ იმყოფება და ფულის გათეთრების, აგრეთვე ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში გააძლიერა

ჩვენი ქვეყანა ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებულად მომატებული საფრთხეების ქვეშ იმყოფება და ფულის გათეთრების, აგრეთვე ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში გააძლიერა
„MoneyVal“-ის რეკომენდაციების შემდგომი გათვალისწინება არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ გლობალურად ყველა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელია ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევა, რადგან ცალკეული ქვეყნების დამოუკიდებელი ბრძოლა ამ ტიპის დანაშაულებთან შედეგს ვერ გამოიღებს“- განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს ვახტანგ ბაჩიაშვილის მოსმენისას.
დეპუტატის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ მიმართულებას, ხოლო საქართველომ ბოლო წლებში ამ კუთხით ნაბიჯები კიდევ უფრო გააძლიერა. მისი თქმით, „MoneyVal“-ის 2020 წლის რეკომენდაციები ერთ-ერთი საფუძველი გახდა გამჭვირვალობის კანონისთვის, რომლის ინიციირებაც თავდაპირველად „ხალხის ძალამ“ მოახდინა, მოგვიანებით კი მხარდაჭერა „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებია. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებულად მომატებული საფრთხეების ქვეშ იმყოფება და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, აგრეთვე ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში გააძლიერა. როგორც ვხედავთ, ეს ის საკითხებია, რომლებსაც მსოფლიო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ სწორედ „MoneyVal“-ის 2020 წლის რეკომენდაციები გახდა ერთ-ერთი საფუძველი გამჭვირვალობის კანონისთვის, რომლის ინიციირებაც თავის დროზე მოახდინა „ხალხის ძალამ“, შემდგომში კი – „ქართულმა ოცნებამ“. ეს კანონი მივიღეთ და შემდგომში კიდევ უფრო გავამკაცრეთ. ვფიქრობ, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათ შორის ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკაში ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
ამრიგად, „MoneyVal“-ის რეკომენდაციების შემდგომი გათვალისწინება არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ გლობალურად ყველა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელია ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევა, რადგან ცალკეული ქვეყნების დამოუკიდებელი ბრძოლა ამ ტიპის დანაშაულებთან შედეგს ვერ გამოიღებს. მისასალმებელია, რომ გლობალური საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას და საქართველოსგანაც დამატებით ნაბიჯებს მოითხოვს.
ორი კითხვა მაქვს თქვენთან:
პირველი კითხვა:
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საქართველოს შეფასება მოხდა და გამოიცა რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით, ხოლო ეს კანონპროექტი სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებას ისახავს მიზნად. ამ შეფასების ანგარიშში თუ იყო დადებით ნაბიჯად ასახული გამჭვირვალობისა და „ფარას“ კანონის მიღება, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის?
მეორე კითხვა — ტექნიკურ დეტალს შეეხება:
თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ეხება კერძო და იურიდიული პირების პასუხისმგებლობას, რომ დროულად მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, რათა ხელი არ შეეწყოს ფულის გათეთრებას. შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითები დაასახელოთ? კერძო პირებში ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს, ან რა ტიპის გარიგებებს მოიცავს ეს რეგულაცია? პრაქტიკული მაგალითების მოყვანა დაეხმარება საზოგადოებას უკეთ გაიგოს, რა ტიპის პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მოქალაქესა და ნებისმიერ პირს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება, რათა მსგავსი ტიპის დანაშაულების პრევენცია მოხდეს,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა, დეპუტატის კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ რეკომენდაციები მომზადდა 2020 წელს MoneyVal-ის ექსპერტთა ჯგუფის პლენარულ სესიაზე, შესაბამისად განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეფასებები ჯერ არ ყოფილა. ბაჩიაშვილის თქმით, საქართველოს მხრიდან ეს რეკომენდაციები ეტაპობრივად ხორციელდება, რათა ახალი მექანიზმები ეფექტური იყოს.
მისივე განმარტებით, ფულის გათეთრებასთან ბრძოლის კუთხით, პირველ ეტაპზე კანონის აღსრულებაში ჩართული იყვნენ ორგანიზაციული წარმონაქმნები – კომერციული ბანკები, ნოტარიუსები და სახელმწიფო სტრუქტურები. დღეს კი კანონის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ენიჭება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ამ მიზნით განხორციელდა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები და უზრუნველყოფილი იქნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია გაეროს ოფიციალურ ვებგვერდზე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გვერდზე.