“ჩვენი ქვევრის ნატურალური ღვინო ოქროს მედლის მფლობელი გახდა” – „ექიმის ბიო-მარანი“

„ექიმის ბიო-მარანის“ ქვევრის ნატურალური ღვინო საერთაშორისო კონკურსზე IWSC – International Wine and Spirit Competition ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ მარანის დამფუძნებელმა, მარინა კაკიაშვილი-რუაძემ განაცხადა.
„ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენი ღვინო კონკურსზე წარვადგინეთ და პირველივე ჯერზე ჩვენმა ქვევრის ნატურალურმა ღვინომ ოქროს მედალი დაიმსახურა. ჩვენი ღვინისთვის ეს ძალიან დიდი აღიარება იყო, “- აღნიშნა მარინა კაკიაშვილი-რუაძემ
მისი თქმით, IWSC – International Wine and Spirit Competition-ში მონაწილეობა მიიღო 520-მა მეღვინეობამ, რომელთაგან 17-მა დაიმსახურა ოქროს მედალი და მათ შორის მოხვდა „ექიმის ბიო-მარანის“ ქვევრის ნატურალური ღვინო.
„ჩვენი ღვინო ერთადერთი ნატურალური ღვინო იყო 17 ოქროს მედალოსანს შორის. ნატურალური მეღვინეობა კი ნიშნავს, რომ არ არის გამოყენებული არანაირი ქიმიური პრეპარატები, არც ვენახის დამუშავებისას და არც ღვინის წარმოებაში. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ღვინო არის გაუფილტრავი და განსხვავებული გემოვნური თვისებებით,“ – განაცხადა „ექიმის ბიო-მარნის“ დამფუძნებელმა.
„ექიმის ბიო-მარანი“ახაშენის მიკროზონაში მდებარეობს, რომლის წლიური წარმადობა 3 000- 4 000 ბოთლი ღვინოა. „ექიმის ბიო-მარანი“ 3 ჯიშის ყურძნისგან, 5 სახეობის ღვინოს აწარმოებს. ესენია: საფერავი ტრადიციული ქვევრის; საფერავი ევროპულად დაყენებული; ხიხვი; რქაწითელი და ხიხვისა და რქაწითელის კუპაჟი.
შეგახსენებთ, IWSC – International Wine and Spirit Competition ეს არის საერთაშორისო ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსი, რომელიც 1969 წელს დაფუძნდა დიდ ბრიტანეთში და შედის 3 საუკეთესო ღვინის კონკურსში.

ასევე დაგაინტერესებთ