ირაკლი კობახიძე “თავისუფალი ბიზნესების განცხადების” პლატფორმას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ (ამ დროისთვის) 500-მდე კომპანიას, რომლებიც მმართველი პარტიისგან ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, მხოლოდ “თავისუფლებით” პასუხობს.
“ჩვენი პასუხია – ბიზნესის თავისუფლება. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. თქვენ გახსოვთ ქვეყანაში რა ხდებოდა 2012 წლამდე, ფაქტობრივად, ბიზნესი არ დატოვეს რეკეტის გარეშე, ხომ?! ერთადერთი პასუხი არის, რომ ბიზნესის თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, იქნება სრულად უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
FreeBusiness.ge თავისუფალი ბიზნესების პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას აძლევს. ამჟამად 476 ბიზნესი მხარს უჭერს 19 დღის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მოთხოვნებს: გათავისუფლდეს აქციების დროს დაპატიმრებული ყველა პირი ახალ წლამდე და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
როგორც იდეის ავტორმა, გიორგი ჩუგოშვილმა BMG-ს ეთერში აღნიშნა, დღეს, დილის 10 საათის მონაცემებით, Freebusiness.ge-ზე განაცხადი 1055 კომპანიისგან შევიდა და მიმდინარეობს მათი ვერიფიკაციის პროცესი.