„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ელინა ვალტონენს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ მედიასთან ისაუბრეს.
ბოჭორიშვილის თქმით, „ეუთოს თავმჯდომარეობის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური და ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის ხაზგასმა“.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს პრიორიტეტებზე. კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნის მისწრაფებების და, გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, ევროკავშირთან შინაარსიანი, საქმეზე ორიენტირებული დიალოგის არსებობის მნიშვნელობას, რაც ორივე მხარისთვის იქნება შედეგის და სარგებლის მომტანი…
ჩვენთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს დამოუკიდებელი ინსტიტუტების და, ზოგადად, ორგანიზაციის ფარგლებში.“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს სამ ქვეყანაში აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში მართავს შეხვედრებს მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან. საქართველოს შემთხვევაში ყურადღება გამახვილდა 2008 წლის ომის შედეგებზე. ის ხვალ, 15 ოქტომბერს საოკუპაციო ხაზთან ჩავა.
