ჩეხეთის რესპუბლიკა ფინანსურ დახმარებას გაუწევს უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან გაიქცნენ ქვეყნიდან, მაგრამ ახლა სურთ სამშობლოში დაბრუნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ შესაბამის კანონს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტერ პაველმა, მოაწერა
ფინანსური დახმარების თანხის ოდენობა ჯერ არ არის განსაზღვრული ქვეყნის მთავრობის მიერ, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ასეთი უფლების გამოყენება მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი. უკრაინელები ჩეხეთში დაბრუნებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ აანაზღაურებენ მათთვის გაწეული ფინანსური დახმარების ნახევარს.
ამასთან კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია დაბალი ალბათობა იმისა, რომ ომი უკრაინაში უახლოეს მომავალში დასრულდება და ამ მიზეზით, უკრაინელი ლტოლვილების დაცვის სახელმწიფო პროგრამა ჩეხეთში 2025 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კვლევის თანახმად, ჩეხეთში მყოფი უკრაინელ ლტოლვილთა 10% უახლოეს მომავალში გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას, 66% კი იმედოვნებს, რომ ოდესმე დაბრუნდება. ამავე დროს, უკრაინელი ლტოლვილების 75% ჩეხეთიდან არსად გადასვლას ჯერ არ გეგმავს.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის (UNHCR) კვლევის თანახმად, 21 ნოემბრის მონაცემებით, უკრაინა დატოვა 6,3 მილიონ ადამიანზე მეტმა, აქედან 5,9-მა მილიონმა დევნილმა – ქალებმა, ბავშვებმა და მოხუცებმა, რომლებმაც ძირითადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეაფარეს თავი.
· მიმდინარე წლის დეკემბერში განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში დღეისთვის 4 მილიონ 238 ათასი უკრაინელი დევნილი ცხოვრობს. მათგან ყველაზე მეტი – 1,21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს გერმანიაში, 960 ათასი პოლონეთში და 365 ათასი – ჩეხეთის რესპუბლიკაში.
· უკრაინის ხელისუფლება, რომელიც ასევე აქვეყნებს საკუთარ სტატისტიკას, მიუთითებს, რომ ბევრი ლტოლვილი დაბრუნდა საკუთარ სახლში და ამჟამად ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთის მაჩვენებლები არ აღემატება ომამდელ დონეს. თუმცა, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი კვეთს საზღვარს ნათესავების სანახავად და რამდენი რეალურად ბრუნდება.
დაწერეთ კომენტარი