ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: ხოსელუს დუბლით “რეალმა” “ბაიერნს” საოცარი მატჩი შემოუტრიალა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ბაიერნი“ 2:1 დაამარცხა და მეთვრამეტედ გავიდა ფინალში.
მიუნხენში ფრედ დასრულებული შეხვედრის (2:2) შემდეგ „სამეფო გუნდმა“ სახლში დიდი ძალებით შეუტია და რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც ვინისიუსის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი როდრიგოს მეკარე ნოიერმა არ გაატანინა. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, მაგრამ კეინის დარტყმული ბურთი მეკარე ლუნინმა მოიგერია. მერე ნოიერმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა „რეკორდმაისტერი“ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ორხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და ტრავმირებული გნაბრის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა დევისმა ვერ უწია
მიზანს. საპასუხო იერიშისას როდრიგომ ოდნავ ააცილა ბურთი კარს, ხოლო 68-ე წუთზე დევისი მარცხენა ფლანგზე რიუდიგერს დაუსხლტა და „ბაიერნი“ დააწინაურა. მალე მადრიდელებმა გაიტანეს, თუმცა იქამდე ნაჩომ კიმიხი წააქცია და გოლი არ ჩაითვალა. 88-ე წუთზე ნოიერმა ვინისიუსის დარტყმული ბურთი ვერ შეიმაგრა, ყველას 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა 34 წლის ხოსელუმ დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. კომპენსირებულ დროში ხოსელუმ დუბლი შეასრულა, ბოლოს მსაჯმა თამაშგარეს გამო დე ლიხტის გოლი არ ჩათვალა და “რეალმა” გაიმარჯვა.
1-ელ ივნისს, ფინალში “უემბლიზე” „რეალი“ „დორტმუნდს“ დაუპირისპირდება.
. “სამეფო გუნდი” ბოლო სამ სეზონში მეორედ იასპარეზებს ფინალში.
. „რეალის“ ნახევარმცველმა კროოსმა ჩემპიონთა ლიგაზე 150-ე მატჩი ჩაატარა, რაც მეშვიდე შედეგია.
. „ბლანკოსის“ შემტევ ბელინგემს მუხლის პრობლემის გამო თამაშის დაწყებამდე გამაყუჩებელი ნემსი გაუკეთეს.
რეალი – ბაიერნი 2:1
გოლები: 0:1 დევისი (68), 1:1 ხოსელუ (88), 2:1 ხოსელუ (90+1)
ბაიერნი მეორე წელია დეგრადაციას განიცდის,ნაგელსმანის გაშვების მერე რეგრესი არ ჩერდება.უპამეკანო,კიმი,ლაიმერი,გნაბრი,ჩუპო-მოტინგი და თუნდაც სანე არ შეესაბამება ბაიერნის დონეს.მანე გაუშვეს და იმ ფასად კიმი მოიყვანეს…მიუხედავად ამისა მაინც ახერხებდა ეს გუნდი რეალის დამარცხებას ტუხელს რომ გენიალური ცვლილებები არ განეხორციელებინა.მაინც შეტენა ბოლოს კიმი,თანაც შემტევი სანეს მაგიერ,სამმცველიან ტაქტიკაზე გადავიდა.გაიყვანა კეინი…ამას მოფიქრება ხომ უნდოდა?საოცარი ისაა როგორ მოახერხა ტუხელმა ჩელსისთან ერთად ლიგის მოგება…