რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედის და ბიძის პროცესი გრძელდება. დაკითხეს ბრალდების მხარის მოწმეები, ასევე მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის დები.
მათ მოკლულ გოგონასთან შეხვედრები გაიხსენა, მათ შორის ნიშნობის დღე და აითაჯის სახლიდან გაქცევის ეპიზოდი.
მკვლელობაში ბრალდებულის და, ეგანა სადიკოვა აცხადებს, რომ მისი ძმა მწყემსი იყო და მკვლელობის დღეს რატომ იყო აითაჯთან ერთად, არ იცის.
“მწყემსია ჩემი ძმა და მთაში ცხოვრობს, მკვლელობის დღეს როგორ მოხვდნენ აითაჯი და ჩემი ძმა ერთად არ ვიცი. არ ვიცნობ აითაჯის ოჯახს, არავისთან მისაუბრია ნიშნობის დღესაც სუფრაზე, სულ ერთი საათით მივედი, დედაჩემმა მითხრა, რომ ჩემი ძმის ნიშნობა იყო,” – აცხადებს მკვლელობაში ბრალდებულის და.
მკვლელობაში ბრალდებულის მეორე დამ სოილ სადიკოვამ კი განაცხადა, რომ მის ძმას აითაჯი ძალიან მოსწონდა და ამიტომ შეირთო ცოლად.
“ჩემმა ძმამ მითხრა, რომ არსებობს ასეთი გოგო აითაჯი, რომელიც ძალიან მომწონსო და ვიყიდოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ნიშნობისთვისო. ნიშნობისთვის ყველაფერი ჩემ ძმას უკვე ნაყიდი ჰქონდა. ნიშნობაში მე, ბიძაჩემი, დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები წავედით, იქ რომ მივედი ადგილზე ბევრი ხალხი დაგხვდა, ოჯახიდან მხოლოდ დედა ვიცანი. წინასწარ მოვილაპარაკეთ, რომ 18 წლის როცა გახდებოდა აითაჯი, მაშინ დაქორწინდებოდნენ, თუ 18 წლამდე ვერ შეთანხმებოდნენ დაშორებაც შეეძლოთ. მე აითაჯი იქ პირველად ვნახე, მანამდე არ ვიცნობდი”, – აცხადებს სოილი.
ბრალდებულის დების ჩვენების მიცემის დროს აითაჯის დედამ სასამართლოზევე განაცხადა, რომ დები სიმართლეს არ ამბობდნენ.
“სიმართლეს რატომ არ ამბობს, რომ ყველაფერში დამნაშავე მისი ძმა არის. ჩვენი წესების მიხედვით, დანიშვნის მიუხედავად, 18 წლის სანამ არ გახდება გოგო, მას არ აქვს ვალდებულება სადმე იაროს ბიჭთან ერთად. მე ამას სულ ვუშლიდი აითაჯს,” – ამბობს აითაჯის დედა.