“მე პუტინი უკრაინისთვის ერთი-ერთზე ფიზიკურ ბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია. რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა”, – ამის შესახებ მილიარდერი ბიზნესმენი და აშშ-ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი X-ზე წერს.
მისი თქმით, ერთადერთი სადარდელი ახლა ადამიანების ხოცვაა.
“რაც მაწუხებს არის ჩიხში შესული ხოცვა, რასაც უკრაინა გარდაუვალად წააგებს. ნებისმიერს, ვისაც ეს ნამდვილად ადარდებს, ნამდვილად ფიქრობს და ესმის, სურს, რომ ხორცსაკეპი შეჩერდეს. მშვიდობა ახლავე!!!” – წერს მასკი.
ოფიციალური კიევი ირწმუნება, რომ უკრაინას Starlink სატელიტური ინტერნეტ სისტემის აქვს.
შეგახსენებთ, „როიტერის“ ინფორმაციით, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების იძულებისთვის აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს. აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს. აშშ-ის მომლაპარაკებლები ზეწოლას ახდენენ კიევზე, რომ წვდომა მიიღონ კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულზე. როგორც სააგენტო წერს, ილონ მასკის კუთვნილი „სტარლინკის“ ინტერნეტის საკითხი მოლაპარაკებებში მას შემდეგ დაისვა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა თავდაპირველ შეთავაზებაზე, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარატამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარუდგინა.
ცნობისთვის, უკრაინისთვის „სტარლინკის” საფასურს პოლონეთი იხდის და ამას მომავალშიც გააგრძელებს. როგორც პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა, „სტარლინკი“ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ინტერნეტკავშირს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინასა და მის სამხედროებთან.
პოლონეთმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას „სტარლინკის“ 20,000 მოწყობილობა მიაწოდა და აფინანსებს მათ ტექნიკურ მომსახურებას ინტერნეტკავშირის მხარდასაჭერად.
