,,ჩემი ცხოვრების მხოლოდ რამდენიმე თვე გადაიკვეთა ამჟამინდელი ძალაუფლების მფლობელთან” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ,,ქართული ოცნების” წევრის, მაია ბითაძის განცადებას, რომ მას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში მუშაობისას ,,ნახირივით მიგვერეკებოდნენ” მათ მიერ ორგანიზებულ მიტინგებზეო, ასე ეხმაურება:

,,არ მიყვარს ხოლმე პერსონალიებამდე დასვლა, ზოგადი ფენომენ(ებ)ის გააზრებაა ჩემი საქმე, მაგრამ “ქართული ოცნების” ერთმა დეპუტატმა რომ თქვა, სააკაშვილის დროს ნახირივით გვერეკებოდნენ თავიანთ ღონისძიებაზეო, ამას ხომ საკუთარ ფეხებში ცელის გამოსმას ეძახიან. კი, შეიძლება მჯეროდეს რომ ასე იყო და თავად ამბავში არ შევალ დავაში, რადგან პოსტსაბჭოურ საქართველოში ხელისუფლებები სხვაგვარად დღემდე არ მოქცეულან და არ იქცევიან, სხვაგვარი რომ იყოს ხელისუფლების ქცევა, მაშინ პოლიტიკური შინაარსი ხელისუფლებების უნდა იყოს სხვაგვარი და არა პოსტსაბჭოური, რომლისგან განსხვავებული ფორმაცია ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც არ გვქონია.

თემა ისაა, რომ მაგალითად, მე იგივეზე ვერ დავდებდი ბრალს ვერცერთ ხელისუფლებას, რადგან არ შევდიოდი ზედმეტ სარგებელში არც მაშინდელ ხელისუფლებასთან, არც მის წინანდელთან და არც ამჟამინდელთან, ჩემი ცხოვრების მხოლოდ რამდენიმე თვე გადაიკვეთა ამჟამინდელი ძალაუფლების მფლობელთან და ისიც დროულადვე ჩამოვიტოვე უკან, მსგავსი იძულების საჭიროება რომ არ გამჩენოდა, რაც ძნელია და წლების განმავლობაში არასასურველს გხდის, შესაბამისად ფარულად თუ ღიად დევნის ობიექტს, მაგრამ მაინც არჩევანია, რას მიჰყვები და რაზე ამბობ უარს.

როდესაც დეპუტატი ამბობს, რომ ის მართვადია, რომ კერძო ინტერესის გამო, ის მიჰყვებოდა მაშინდელი ხელისუფლების მოთხოვნას და კონფორმისტულად იტანდა უსამართლობას, რადგან ასე აწყობდა, რითი ვართ დაზღვეული, რომ ამჟამადაც მსგავს მოცემულობაში არაა? რომ მისი და მსგავსი გამოსვლების სრული უმეტესობა იმ რეალობას არ გამოხატავს დღესაც, რასაც ასე აგრესიულად იხსენებს?