“ჩემი სუფთა შარდი გამოიყენა სხვამ” – მერაბ შარიქიძე დისკვალიფიკაციაზე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ Setanta Sports Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში 1.5 წლის შემდეგ პირველად დოპინგ სკანდალის გამო სარაგბო კარიერის იძულებით დასრულების შესახებ ისაუბრა და თქვა:
“ფიჯის თამაშისთვის ვემზადებოდით 2024 წლის ზაფხულში, მოედანზე გავდიოდით, როცა უცებ მენეჯერი მეუბნება, რომ გიბარებენ კავშირის წარმომადგენლებიო. რაღაც ამბავი არისო. ვიფიქრე, რა ამბავი უნდა იყოს, როცა ვარჯიშზე გავდივარ და მიბარებენ. მითხრეს, დოპინგზე დისკვალიფიკაცია მოგცესო. გამეცინა, მეთქი-შანსი არაა, არ არსებობს, რაღაც შეცდომაა. ცხოვრებაში დოპინგი კი არა, ჩილიმიც არ მომიწევია. მეთქი-რაღაც შეცდომაა და არაო, შარდის გაცვლაზეო. იმ მომენტში კიდევ არ ვიცოდი, როგორ შეიძლება წასულიყო ამბავი. მითხრეს, რომ ამ მომენტში უკვე დისკვალიფიცირებული ვიყავი და უნდა წახვიდეო. ვიღაცამ ჩემი შარდი გამოიყენა, არ მიმაჩნდა, რომ ეს ასეთ ძალიან მძიმე დანაშაულად შეიძლებოდა აღქმულიყო, თან მე ხომ არ გამომიყენებია სხვისი შარდი. ჩემი სუფთა ნიმუში გამოიყენა სხვამ და ამის გამო რამხელაზე უნდა დავისაჯო, ვფიქრობდი. წამოვედი 17 ივნისს და ისე გავიდა წელიწადი და შვიდი თვე, რომ ერთხელაც არ გამივლია იქ. ჩემი ნიმუში იქნა გამოყენებული სხვა მორაგბეების ნიმუშების მაგივრად. ერთ-ერთმა ადამიანმა მთხოვა, რომელიც ჩემთვის სანდო ადამიანი იყო. ბედის ირონიაა და სასაცილოა ცალკე, რომ თურმე საერთოდ არ სჭირდებოდათ, თუმცა ამას როგორ დაამტკიცებ. თავისი ნიმუში რომ ჩაებარებინათ, დისკვალიფიკაცია არ ექნებოდათ. არავის არაფერი გაუჩალიჩებია, არც დაბალ დონეზე, არც მაღალზე, არცერთ დონეზე. რაგბის კავშირს შემხებლობა ამ თემასთან საერთოდ არ ჰქონია. ეს დოპინგის სააგენტო, რომელიც არის ქვეკონტრაქტორი დიდი უცხოური სააგენტოსი, მათი ვალდებულება იყო, რომ პროცედურა გამართული ყოფილიყო. გულშემატკივარს კითხვა თუ გაუჩნდება, მწვრთნელი, კავშირი რას აკეთებდა – არავინ შუაში არ არის. ამ თემაში ვინც ფიგურირებდა, ამ წრის იქით არ გადის. ვინც დამნაშავეები ვართ, ჩემი ჩათვლით, ამის იქით არავინ აღარ არის. ამ წრიდან მთხოვა ერთმა ადამიანმა მე, ის ადამიანიც, როგორც მე დასაჯეს, და მასაც ერთი წამით დაშვება არ ჰქონდა, რომ შეიძლებოდა ეს პრობლემა ყოფილიყო. წაყენებული მაქვს 6-წლიანი დისკვალიფიკაცია, მაგრამ მეეჭვება რამე შეიცვალოს”.