პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი გუნდისა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო გაერთიანების საკითხის განსახილველად კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „რაღაც დრო ითხოვა“.
„მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. შემიძლია გითხრათ; ჩემი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია, ყველაფერი ნათელია. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო. როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები… როგორც ხდება ხოლმე. ეს არის, რის გამოც გადაიდო [პროცესი]“, – უთხრა ჟურნალისტებს ექს-პრემიერმა.
