ჩემთვის პრივილეგიაა, ვიყო ამ ბიჭების მწვრთნელი, საქართველოში ბედნიერი ვარ – სანიოლი

talkSPORT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სამომავლო გეგმებისა და შესაძლო შეთავაზებების შესახებ თქვა, რომ არ იცის, მომავალში რა იქნება, მაგრამ საქართველოში თავს ბედნიერად გრძნობს.
წამყვანებმა სანიოლს შესაძლო შეთავაზებებზე ჰკითხეს და ივარაუდეს, რომ მერვედფინალში საქართველოს გასვლის შემდეგ მისი ტელეფონი “შეუჩერებლად რეკავს”, ხოლო სანიოლმა ხუმრობით უპასუხა, რომ “შეჯიბრის დაწყებიდან ტელეფონი უხმო რეჟიმზე” აქვს ჩართული.
“ჩემთვის პრივილეგიაა, ვიყო ამ ბიჭების მწვრთნელი, რომლებიც სამნახევარი წლის განმავლობაში ამდენად მაბედნიერებენ და საქართველოში ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ამ არაჩვეულებრივ შეჯიბრში ვმონაწილეობ. არ ვიცი მომავლის შესახებ, რადგან არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს ფეხბურთში, მაგრამ ამჟამად საქართველოში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ”. – თქვა სანიოლმა.
წამყვანებმა სანიოლს ასევე ესპანეთთან მომავალი მატჩისთვის მზადებასა და წინასწარ მოლოდინებზე ჰკითხეს. სანიოლმა თქვა, რომ არაფრის ეშინია. მისი თქმით, იციან, რომ წინ რთული თამაში ელით, მაგრამ ნაკრები თავისუფლად თამაშს აპირებს, რადგან “დასაკარგი არაფერი აქვთ”.
“ბოლო სამ წელში ესპანეთის წინააღმდეგ ოთხჯერ ვითამაშეთ და ოთხჯერვე წავაგეთ, განსაკუთრებით კი სექტემბერში, საქართველოში, როცა 7-1 დავმარცხდით. ამიტომ, ვიცით, რომ ძალიან რთული იქნება. შეჯიბრის დასაწყისიდანვე ცხადია, რომ ესპანეთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ამ მატჩს ისე ვითამაშებთ, როგორც პორტუგალიასთან, ყველანაირი ზეწოლის გარეშე, უბრალოდ იმ სურვილით, რომ გუნდურად, ერთად, სწორად ვითამაშოთ. ასევე, ზოგჯერ ფეხბურთი სიურპრიზებითაა სავსე. […] როგორც ვთქვი, ამ მატჩში არაფერი დასაკარგი არ გვაქვს და ვფიქრობ, რომ მოთამაშეები გახარებულები იქნებიან, რომ ასეთ თამაშს თამაშობენ, ესპანეთის ასეთი მასიური გუნდის წინააღმდეგ. არაფრის არ მეშინია”. – თქვა სანიოლმა.
გარდა ამისა, სანილს ჰკითხეს, თუ როგორი იყო ს, ძლიერი მოთამაშის, მწვრთნელობა და თუ რა მიდგომას იყენებდა მასთან. სანიოლმა თქვა, რომ პორტუგალიასთან მატჩამდე კვარაცხელიას მოუწოდა, “ბევრი არ ეფიქრა, უბრალოდ ეთამაშა”.
“ნათელია, რომ ის ჩვენი ტექნიკური ლიდერია, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა… რთულია, თუ შენს საუკეთესო მოთამაშეს უჭირს ან ისე არ თამაშობს, როგორც უნდა, რომ თამაშობდეს და ეს ორი თამაში თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ძალიან კარგი არ ყოფილა. პორტუგალიამდე წინა დღეს გრძელი საუბრები გვქონდა და ვუთარი – გახსოვს, როცა 17-ის და 18-ის იყავი, როგორც თამაშობდი ფეხბურთს? ძალიან ბევრი არ იფიქრო, უბრალოდ ითამაშე-მეთქი და ეს თამაში, გუშინ, აბსოლუტურად ფანტასტიკური იყო”. – თქვა სანიოლმა.
გადაცემაში ასევე ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრეს. წამყვანებმა სანიოლს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა მამარდაშვილს პრემიერლიგაში თამაში, რაზეც სანიოლმა ბოლო მატჩებსა და ვალენსიაში მის გამოვლენილ უნარებზე მიუთითა და თქვა, რომ უსურვებს ამას.
“პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა და, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს, რასაც ის (რედ. – მამარდაშვილი) ამ შეჯიბრზე ავლენს და ასევე რასაც ორი წელია ვალენსიაში ავლენს. არ გამიკვირდება, თუ პრემიერლიგაშიც ამგვარადვე ითამაშებდა და ვუსურვებ ამას”. – თქვა სანიოლმა.