ჩაქვში „სკაუტური ქალაქი“ აშენდება

ჩაქვში „სკაუტური ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო – ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ „აჭარის სკაუტური ორგანიზაციის ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა, მაია ბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „სკაუტური ქალაქი“ 2 ჰექტარზე გაშენდება.
„ეს იქნება „სკაუტური ქალაქი“, ცენტრი, სადაც იქნება გამოყოფილი სივრცე კოტეჯებისთვის, საკარვე ზონა, სპორტული მოედნები, საკონფერენციო და ტრენინგ დარბაზი.ეს იქნება ადგილი, რომელიც მოემსახურება მრავალშვილიან ოჯახებს, ემიგრანტებს. ცენტრი იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვისაც.
ქალაქის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ტერიტორია უკვე მოწესრიგებული და შემოღობილი გვაქვს, დასრულება კი 2027 წლისთვის იგეგმება. ამ ეტაპზე დამოკიდებული ვართ ხალხის შემოწირულობაზე, ამიტომაც ნებისმიერი ადამიანის მიერ გაღებული 1 ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა მაია ბერიძემ.
„აჭარის სკაუტურ ორგანიზაციას“ 100-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს. სკაუტები არიან ადამიანები, რომლებიც ერთობლივად ეუფლებიან ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩენის უნარ-ჩვევებს: კლდეზე ძრომას, კარვების გაშლას, საველე პირობებში საკვების მოპოვება – მომზადებას და ა. შ.
სკაუტური მოძრაობა (სკაუტინგი) – მსოფლიოში ნებაყოფლობითი არაპოლიტიკური საგანმანათლებლო ახალგაზრდული მოძრაობაა. სკაუტური ორგანიზაციების წევრობა ყველას შეუძლია, განურჩევლად სქესისა, წარმოშობისა, რასისა და რელიგიისა. სკაუტური მოძრაობის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, რათა მიაღწიონ მათ სრულ ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ემოციურ, სოციალურ და სულიერ პოტენციალს, როგორც პიროვნებებმა, პასუხისმგებელმა მოქალაქეებმა და ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოების წევრებმა.
„აჭარის სკაუტური ორგანიზაცია“ 30 წელია არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობდა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის ბანაკებში, ფესტივალებში, საქველმოქმედო აქციებში, შემეცნებით-გასართობი აქტივობებსა და სხვა. ორგანიზაცია ჯამში, მონაწილეობდა 320-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის ჯემბორში, მუტში, კონფერენციაში გაცვლით პროგრამაში, ბანაკებში, კონფერენციებსა და ლაშქრობებში, დიპლომატიურ კორპუსებთან შეხვედრაში, ონლაინ ტრენინგებსა თუ ონლაინ ბანაკებში, ანალოგიური აქტივობები განხორციელდა ორგანიზაციის მიერაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ კვალიფიკაციისა და ცოდნის ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ – ირაკლი კობახიძე