ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დაემუქრა და განაცხადა, რომ მას ხელისუფლებიდან „ჩამოაგდებენ“.
„ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ. აშშ-ის პრეზიდენტის ხელები 1000-ზე მეტი ირანელის სისხლით არის შეღებილი. უნდათ, მას ასიამოვნონ. მან რომ ქვეყნის მართვა იცოდეს, საკუთარ ქვეყანას მართავდა“, – განაცხადა ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში.
ხამენეის თქმით, ირანის ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზეც დათმობაზე არ წავა.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისლამური რესპუბლიკა ხელისუფლებაში ასობით ათასი პატიოსანი ადამიანის სისხლით მოვიდა და ის დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს. „ძვირფასო ახალგაზრდებო, შეინარჩუნეთ მზადყოფნა და ერთიანობა. გაერთიანებული ერი ნებისმიერ მტერს დაამარცხებს“, – განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა.
ირანში საპროტესტო აქციები უკვე დაახლოებით ორი კვირაა გრძელდება. პროტესტი ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით დაიწყო და ქვეყნის 31-ვე პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი სააგენტო HRANA იუწყება, რომ აქციების დროს მინიმუმ 34 დემონსტრანტი და უსაფრთხოების ძალების 8 თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო 2 270 ადამიანი დააკავეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ისმის პროტესტანტების მოწოდებები აიათოლა ალი ხამენეის გადაყენებისა და ირანის გარდაცვლილი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის დაბრუნების მოთხოვნით.




