“ჩამოართვეს სააკაშვილს გავლენები და მისი მემკვიდრეობის გაყოფა დაიწყეს” – თალაკვაძე

“ვინც პატიმრობაში არ არის, რუსთაველზე გასეირნების უფლება ყველას აქვს! – სააკაშვილს აქვს გარე მხარდაჭერაც და გამორიცხული არ არის სწორედ ის გახდეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებული ფრონტის ხელმძღვანელი”, – ეს განცხადება ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და ს მიერ სასამართლო დარბაზში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
ვინც პატიმრობაში არ არის, რუსთაველზე გასეირნების უფლება ყველას აქვს! მისი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთან, რომელიც მუდმივად ცვლის თავის პოზიციას. ხან ამბობს, რომ იმდენად ავად არის, ვეღარ აფასებს სიტუაციას, ხან პოლიტიკას ემიჯნება, ხან უკრაინის პოლიტიკაშია, ხან საქართველოში ჩრდილიდან მართავს თავის პარტიას და დღეს უკვე გამოაცხადა, რომ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” და მისი პოლიტსაბჭოს ლიდერი ვიქნებიო. უკიდურესად არასერიოზული და არათანმიმდევრულია მისი განცხადებები. პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ისეთმა ადამიანებმა გადააყენეს, რომლებსაც თვითონ ჩააცვა და მოიყვანა პოლიტიკაში გაუგებარი სივრციდან, არც გამოცდილებით, არც გაკეთებული საქმით რომ არ იმსახურებენ, არათუ ამ დიდი ოპოზიციური პარტიის, არამედ არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერობას, ისეთმა ადამიანებმა ჩამოართვეს სააკაშვილს თავმჯდომარეობა, გავლენები და მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის გაყოფა დაიწყეს. მას ახლა სჭირდება ყოველდღიურად დაამტკიცოს, რომ ისევ ლიდერია და აკეთებს განცხადებებს, რომლითაც მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. მას სურს ოპოზიციური არხების პირველი ამბავი და ნიუსი თვითონ იყოს. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არსებობენ ბნელი ძალები, რომლებიც ცდილობენ სააკაშვილი დააბრუნონ პოლიტიკაში და ამისთვის არც ერთი მეთოდის გამოყენებას არ მოერიდებიან. მისი განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, რომ მას აქვს გარე მხარდაჭერაც და არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა დაიბრუნოს გავლენები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სწორედ ის გახდეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებული ფრონტის ხელმძღვანელი. ამაში ვერავინ შეუშლის ხელს, რადგან ეს ადამიანები მისი ქვეშევრდომები არიან, რომელსაც ერთპარტიულად და ერთპიროვნულად მართავდა ამდენი წელი. ეს იყო ყოველთვის ერთი კაცის პარტია და ახლა ეს ერთი კაცი ამბობს, დავბრუნდები ბორდის თავმჯდომარედო,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ