შუშანა მაცაბერიძე – აღსრულების ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და ჩაწერილიც კი არ ვარ – 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს გადავუხდი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრის, შუშანა მაცაბერიძის განცხადებით, მას აღსრულების ეროვნული ბიურო აფრთხილებს, რომ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ბიურო „იძულებით აღასრულებს“.
როგორც მაცაბერიძე სოციალურ ქსელში წერს, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
„აღსრულების ეროვნული ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, ხობში. სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და სახლში, რომელშიც ჩაწერილიც კი არ ვარ.
მაფრთხილებენ, რომ თუ არ გადავიხდი ჯარიმას, ერთი თვის ვადაში მოხდება იძულებითი აღსრულება, იქვე მითითებულია ანგარიშის ნომერი და გადახდის წესები.
ჰოდა, ვაი იმის პატრონს ვისაც გონია, რომ ამ ჯარიმას ან რომელიმე ჯარიმას გადავიხდი.
სამი წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს არ გადავუხდი. ეგ თქვენი ფურცლები, ჩემთვის ცარიელი ადგილია, არ არსებობს გზა, რომლითაც გამაჩერებთ.
რეპრესიული მანქანა აამუშავეს და გზებს ეძებენ ოჯახებს როგორ მიწვდნენ. პირველ მიზანში „დროა“ ჰყავთ. ნათიასთან სულმა წასძლიათ და გაფრთხილების გარეშე მივიდნენ, ჩემთან ჯერ გაფრთხილების შეტყობინება გამოუშვეს. ჩვენ ვიცით, რა ბრძოლაში ვართ და მზად ვართ ყველაფრისთვის. არ არსებობს არანაირი მეთოდი, რომელიც უკან დაგვახევინებს. პარტიის ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხეშია და მაინც, ჩვენ აქ ვართ. თქვენ წინ ვდგავართ რუსებო და გეუბნებით, რომ თუ ვინმე უკან დაიხევს, ეს თქვენ იქნებით. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებამდე.
ვერაფრით ვერ შეძელით საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების გაჩერება, ვერც ახლა შეძლებთ. ჩვენი ძალა სოლიდარობაშია, ჩვენ ზურგს ვუმაგრებთ ერთმანეთს და ზურგს გვიმაგრებენ ოჯახის წევრები. ჰოდა ფრთხილად იყავით, სადმე თავზე არ გადაგელეწოთ სარეცხის მანქანა ან ტელევიზორი. ბოლომდე!“- წერს მაცაბერიძე სოციალურ ქსელში.