მამაჩემი ციხემ ვერ გატეხა – მითხრა, რომ მაგრად არის, ყველაფერი კარგად იქნება, – ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული, პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
შუქრი ბურჭულაძის თქმით, სასამართლო პროცესზე მამის წარმოთქმულმა სიტყვამ დაარწმუნა, რომ ორბელიანების სასახლესთან მომხდარი მოვლენები „სპეციალურად დადგმული სცენა იყო.
„ციხემ ვერ გატეხა. ამის შიში არც მქონია, ვიცოდი, რომ ნამდვილად გაუძლებდა, სასწაული ნებისყოფის მქონე ადამიანია. [მითხრა] რომ მაგრად არის, ყველაფერი კარგად იქნება. რამაც დამამშვიდა ეს იყო მისი სიტყვა, რომელიც იქ წარმოთქვა. ამან მე დამარწმუნა იმაში, რასაც ვეჭვობდი, ეს ყველაფერი იყო სპეციალურად დადგმული სცენა, რაც მოხდა ორბელიანების სასახლის წინ“, – განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.
შუქი ბურჭულაძემ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ვიღაცამ საბოტაჟი მოაწყო, რადგან ხმის გამაძლიერებელი და სხვა აპარატურა მწყობრიდან იყო გამოსული და ხალხს არ ესმოდა ლიდერების მოწოდებები.
მისივე თქმით, სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც ორბელიანების სასახლესთან ბევრი ადამიანი ვერ მივიდა.
„მშვიდობიანად უნდა მოეთხოვათ ორბელიანების სასახლის გასაღების გადმოცემა და მაღალჩინოსნები უნდა გადმოსულიყვნენ ხალხის მხარეს, ეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა საერთოდ სხვა რაღაც. თავისით ვარდება ღობე და ხდება პროვოცირება და მერე უკვე ირევა მთლიანი სიტუაცია.
ორბელიანების სასახლესთან არ იყვნენ ბევრი იმიტომ, რომ მე ვიყავი რუსთაველზეც, თავისუფლების მოედანზეც და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ხალხს არ ესმოდა. ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და ამბობდა: „იქით ადამიანებს საერთოდ არ ესმით, რას საუბრობთ“. მიკროფონები და ხმის გამაძლიერებლები, რაც დამონტაჟებული იყო – ეტყობა ვიღაცამ საბოტაჟი მოაწყო – ისე მოხდა, რომ აღარ მუშაობდა. ხალხს არ ესმოდა, რა ხდებოდა თავისუფლების მოედანზე და ძალიან ბევრი პრეტენზიასაც გამოთქვამდა. ეს იყო სწორედ იმის მიზეზი, რატომაც ხალხის ამხელა მასა ვერ დაიძრა ქვემოთ[ორბელიანების სასახლისკენ]“, – განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.




