სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, შუა დერეფნის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდა Dry Port-ების სინქრონულ განვითარებას ითვალისწინებს – ამის შესახებ TCRC-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
დარგობრივ ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ევრაზიის სივრცეში სახმელეთო გადაზიდვების ზრდის ფონზე შუა დერეფნის გასწვრივ ძირითადი სატრანსპორტო კვანძების, პირველ რიგში ნავსადგურებისა და სარკინიგზო ტერმინალების, ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდა განსაკუთრებით აქტუალური ხდება.
„ლოგისტიკური შესაძლებლობები, უპირველეს ყოვლისა, დერეფნის მთელ სიგრძეზე საზღვაო ნავსადგურებიდან დაცილებული ტერმინალების, ე.წ. Dry Port-ების, განვითარებასა და კავშირებადობას მოიაზრებს.
Dry Port-ის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას 2013 წელს ბანგკოკში, აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ეგიდით გამართულ აზიის ტრანსპორტის მინისტრების ფორუმზე მოეწერა ხელი და ძალაში 2016 წელს შევიდა.
შუა დერეფნის სახელმწიფოებიდან აზერბაიჯანი და ყაზახეთი ხელშეკრულების სრულფასოვანი წევრები არიან, რაც შეეხება საქართველოს – შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები დაწყებულია, მაგრამ გაურკვეველია მიერთების კონკრეტული ვადები.
საქართველოზე გამავალი დერეფნისთვის მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებში Dry Port-ების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის სინქრონული განვითარება, რაც დერეფნით დამატებითი ტვირთების მოზიდვის წინაპირობას წარმოადგენს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი პუბლიკაციაში დერეფნის მონაწილე ქვეყნებში მშრალი პორტების პროექტებს ახასიათებენ და აღნიშნულია, რომ მათი გვერდის 2025 წლის 3 დეკემბრის ანალიტიკა სათაურით – „თბილისის Dry Port-ი – ნავსადგურებში დამუშავებული საკონტეინერო ნაკადის ბლოკმატარებლებით გადაზიდვების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს“ – სრულად დაეთმო თბილისში ოპერირებად Dry Port-ს.
„შუა დერეფნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვანძო ინფრასტრუქტურულ ობიექტს აზერბაიჯანში აფშერონის Dry Port-ი წარმოადგენს.
აფშერონის Dry Port-ი 66 ჰექტარ ფართობზე მოწყობილი ინტერმოდალური ტერმინალია, რომელიც ბაქოს სიახლოვესაა განთავსებული და უზრუნველყოფს კონტეინერების სარკინიგზო/საავტომობილო გადატვირთვის ოპერაციებს, საბაჟო, საბროკერო სატრანსპორტო მომსახურებას, ასევე ტერმინალი ტვირთის შესანახ ობიექტს წარმოადგენს.
ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე განლაგებულ ხორგოსის Dry Port-ს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შუა დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების ფორმირებაში.ხორგოსის ტერმინალი ცენტრალურ აზიაში ყველაზე მსხვილ Dry Port-ს წარმოადგენს. ექსპლუატაციაში 2015 წელს იქნა გაშვებული და ყაზახეთ–ჩინეთის საზღვარზე, 103 ჰექტარზეა განთავსებული.თუ 2016 წელს ტერმინალით მხოლოდ 390 ერთეული ბლოკმატარებელი იქნა გატარებული, 2024 წელს 7700-მდე გაიზარდა. 2025 წელს ხორგოსის Dry Port-დან გატარებული ბლოკმატარებლების რაოდენობამ 10000-ს გადააჭარბა.
გადაზიდვების ლოგისტიკურ ჯაჭვში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შუა დერეფნის განშტოებაზე, უზბეკეთში ტაშკენტის Dry Port-ს, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ნავსადგურებისკენ ტვირთნაკადების გაგზავნა ხორციელდება.
ტაშკენტის Dry Port-ის ფართობი 22 ჰექტარია, აღჭურვილია 9 სარკინიგზო ხაზით, საერთო სიგრძით 5300 მ.2025 წელს ექსპლუატაციაში იქნა გაშვებული 115 ათას TEU-ზე გათვლილი ყაზახეთში ალმაათის Dry Port-ი, რომელიც ZHETYSU-ს საკონტეინერო ტერმინალის სახელითაა ცნობილი.
ყაზახეთის ტერმინალი ტვირთნაკადების შემკრებ-გამანაწილებელი ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას ასრულებს და ძირითადად ჩინეთიდან ტვირთების დამუშავებაზეა ორიენტირებული.
სიანი – ჩინეთის უდიდესი Dry Port-ი და მნიშვნელოვანი სატრანზიტო კვანძია ევროპისკენ მიმავალი საკონტეინერო ბლოკმატარებლების. აღსანიშნავია, რომ ბლოკმატარებლების 30 % – ის დახარისხება/ფორმირება სიანის ტერმინალში ხორციელდება. სიანის ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში 130 ათას TEU-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სიანის ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ შუა დერეფნით კონტეინერების გადაზიდვების მოცულობა 33-ჯერ გაიზარდა.
შუა დერეფნით ტვირთნაკადების ზრდა დერეფნის მთელ სიგრძეზე ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდას, პირველ რიგში კი Dry Port-ების სინქრონულ განვითარებას ემყარება”, – წერია მიმოხილვაში.
რას წარმოადგენს მშრალი, იგივე Dry Port-ი?
სატრანსპორტო დერეფნის კვლევითი ცენტრის პუბლიკაციაში დეტალურად არის განმარტებული, რას წარმოადგენს მშრალი იგივე Dry Port:
“საერთაშორისო განმარტებით, Dry Port-ი ქვეყნის შიგნით, საზღვაო ნავსადგურიდან დაცილებულ სახმელეთო ინტერმოდალურ ტერმინალს წარმოადგენს, რომელიც საზღვაო ნავსადგურთან ტექნოლოგიურად დაკავშირებული რგოლის ფუნქციას ასრულებს.თანამედროვე ლოგისტიკის კონტექსტში Dry Port-ი ქვეყნის საზღვაო ნავსადგურიდან გარკვეულ მანძილზე დაცილებული სარკინიგზო/საავტომობილო ტერმინალია, რომელიც საზღვაო ნავსადგურისთვის დამახასიათებელ ყველა ლოგისტიკურ ოპერაციას ასრულებს.
Dry Port-ები საავტომობილო და რკინიგზის ტრანსპორტის საშუალებით პირდაპირ კავშირშია საზღვაო ნავსადგურებთან, რაც საშუალებას იძლევა, საზღვაო კონტეინერების დამუშავების, შენახვის, განბაჟებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე გადატვირთვის ოპერაციები ქვეყნის შიდა რეგიონებში მიწოდების ან რევერსულად გამოტანის მიზნით გადატანილი იქნეს ამა თუ იმ ქვეყნის სახმელეთო არეალში.
ტვირთის დამუშავება არა საზღვაო ნავსადგურებში, არამედ Dry Port-ებშია შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დატვირთვას საზღვაო ინფრასტრუქტურაზე და აჩქარებს კონტეინერების ბრუნვას.ხშირად სატრანზიტო ფუნქციების გარდა, მშრალი პორტები კლიენტებს დროებით შენახვის, ტვირთების კონსოლიდაციისა და დამუშავების მომსახურებას სთავაზობენ.
ასეთი ტერმინალები უფრო მეტად ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებშია გავრცელებული, თუმცა ასევე გვხვდება საზღვაო ქვეყნებში. ეს ყოველივე გადატვირთულ ნავსადგურებსა და სარკინიგზო კვანძებში ინფრასტრუქტურაზე დაწოლას არბილებს და ერთობლიობაში ამ თუ იმ დერეფნის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს ზრდის”.




