შს სამინისტრო საქართველოს შრომით ბაზარზე უცხოელი მიგრანტების დასაქმების საკითხის რეგულირებაზე მუშაობს და ახლო მომავალში შრომითი მიგრაციის თემაზე პარლამენტში სპეციალური ინიციატივის წარდგენას გეგმავს.
როგორც შს მინისტრი მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის სამი კომიტეტი გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, არის შემთხვევები, როცა სამუშაოს ქართველი დასაქმებული კარგავს და მის ადგილს უცხოელი იკავებს. დარახველიძის თქმით, “ეს საქართველოს მოქალაქეების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“.
“ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შეჯერებული შემოთავაზება გვექნება, თუ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა.
იმის გამო, რომ კანონმდებლობა ამ ნაწილში გაუმართავია, დადგა შემთხვევები, როცა სამუშაოს ქართველი დასაქმებულები კარგავენ და მის ადგილს უცხოელი იკავებს. ამ დროს მას არანაირი მოთხოვნა არა აქვს ჩადებული და არც დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, რომ სახელმწიფოს აცნობოს. ამიტომ საკითხი მოწესრიგდება და პარლამენტს ცვლილებათა პაკეტს წარვუდგენთ. ეს მოგვცემს იმას, რომ იყოს კონტროლირებადი და იმ საფრთხის წინაშე არ დავდგეთ, რაც დღეს დგას.
მახსენდება, როდესაც ერთ-ერთი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი საუბრობდა, რომ შრომით ბინადრობებს გაგვიხსნის, ოღონდ საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული ლიმიტი იქნება. თუ ასეთი მექანიზმები სხვა ქვეყნებს აქვს, ჩვენთან რატომ არ უნდა იყოს მოწესრიგებული?! საკითხი ჩვენი მოქალაქეების სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, – განაცხადა დარახველიძემ.
დღეს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანდაცვის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად საემიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება.
