შს მინისტრი ამბობს, რომ თბილისში წუხელ მომხდარი თავდასხმების გამოძიება „მყისიერად” დაიწყეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „ყველანაირ თავდასხმას“ გმობს, თუმცა, მისთვის გაუგებარია, რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ამის შესახებ გომელაურმა დღეს, 9 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა თბილისში, ვეტერანთა დასვენების და კულტურის პარკში, სადაც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად.
გასულ ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა თბილისში, ქუჩაში ფიზიკურად იძალადეს „აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეებზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძეზე, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანზე.
„გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძიებას. ვნახავთ, რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. ეხლა არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო ან ეს მოხდა, ან ის მოხდა. თავდასხმა მოხდა, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები, სამწუხაროდ“, – უთხრა მედიას გომელაურმა.
ჟურნალისტების შეკითხვას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი რა პასუხისმგებლობას გრძნობს, როცა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს სადარბაზოებთან ხვდებიან, სცემენ, ურეკავენ და ემუქრებიან და შეუძლია თუ არა კატეგორიულად დაგმოს მაინც, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა, რომ არავისზე ძალადობა არ მოსწონს, არც ოპოზიციონერებზე, არც საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულზე, არც ჟურნალისტებზე და ყველანაირ თავდასხმას გმობს.
„თქვენ ოცნებობთ, რომ გადავგდეთ ჩვენც, მთავრობაც… გამოძიება დავიწყეთ. პასუხისმგებლობას? რა პასუხისმგებლობას?!“- უთხრა ჟურნალისტებს გომელაურმა. მან კრიტიკულად განწყობილ მედიას მიმართა, პასუხისმგებლობაზე მაშინ რატომ არ ჰკითხეს, როცა ტელეკომპანია Postv-ს ჟურნალისტზე თავდასხმა იყო. ეს ტელეარხი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მხარდამჭერია.
„აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მხრიდან ბოლო დღეებში არაერთი თავდასხმა იყო. სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა”.
7 მაისს, უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღები ჯგუფის წევრებს. 3 მაისს, უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს