შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს სამი მრჩეველი ჰყავს, ხოლო სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს – 2.
ამის შესახებ წერია პარლამენტის ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ კითხვის საპასუხოდ სახელმწიფო სტრუქტურებიდან გაგზავნილ წერილებში. რომან გოცირიძემ მრჩევლების შესახებ ინფორმაცია სადეპუტატო კითხვების ფორმატში გამოითხოვა.
კერძოდ, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შს მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებაზე 3 პირია დასაქმებული, ხოლო თითოეული მათგანის შრომის ანაზღაურება შეადგენს – 5320 ლარს, ხოლო მათი შრომითი ხელშეკრულებების მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე.
რაც შეეხება ფუნქცია-მოვალეობებს, როგორც სამინისტროში განმარტავენ, მრჩევლების ფუნქციებს განეკუთვნება დარგობრივი/სექტორული რჩევების გაცემა, მათ შორის ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციების, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შსს აკადემიისა და სხვა მიმართულებებით.
რაც შეეხება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს, მას ორი მოადგილე ჰყავს. ორივე მათგანს ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება ევალება. ერთის ხელფასი 4040 ლარია, ხოლო მეორის – 3580 ლარი.
ამასთან, თითოეულ მრჩეველთან ხელშეკრულება მოქმედებს შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე.