შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილ მოძალადე და პრორუსული ალტ-ინფოს წევრებს მოუწოდებს, “კანონით დადგენილ ნორმებს” არ გასცდნენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ წუთებში ფერაძის სახლთან მოძალადე ჯგუფები იმყოფებიან და მას ემუქრებიან. მობილიზებულია პოლიციაც, რომელიც მათ სახლთან მისვლის საშუალებას არ აძლევს. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება.