შსს-ს სასჯელის ახალი სახე შემოაქვს – უცხოელის საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლითაც სასჯელის ახალი სახე შემოდის – უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
როგორც აცხადებს, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანი უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესება და საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწაა.
ცვლილების თანახმად:
· სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;
· ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;
· იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს;
· მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა;
· ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი;
· ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;
· მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;
· ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასაჩივრების ვადების კონტროლს;
· შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.