შსს-ს გაფრთხილების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
უწყვეტი პროტესტის 312-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ დღევანდელი აქცია, გუშინდელი გადატრიალების მცდელობის გაგრძელებაა.
“თქვენ რა სხვა აზრი გაქვთ რომ ეს [დღევანდელი შეკრება] გუშინდელის გაგრძელებაა და რომ გუშინდელი გადატრიალება არ იყო გუშინწინდელი აქციის გაგრძელების ნაწილი?
ეს არის ერთი ჯაჭვი, რომელიც შარშან, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აეწყო, იმისთვის, რომ დამარცხებულ მხარეს… როდესაც ნახეს მათმა მფარველებმა, რომ ვერ დასვეს საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი მარიონეტული რეჟმი, იმისთვის, რომ არადემოკრატიული გზით, სახელმწიფო გადატრიალებით, ხელისუფლება მათთვის სასურველ მარიონეტებს ჩაეგდოთ ხელში,” – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 5 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დღეიდან გამართული „ნებისმიერი შეკრება” 4 ოქტომბრის მოვლენების – “ხელისუფლების დამხობის” მცდელობის გაგრძელებად ჩაითვლება.
“მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას” – მითითებულია შს სამინისტროს განცხადებაში.
5 ოქტომბერი პროევროპული აქციების დაწყებიდან 312 დღეა.
