შსს-ს ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. მათი უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 18 პირი დააკავეს.
დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიციამ ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალება “გამომშრალი მარიხუანა“ და რეგისტრაციის წესების დარღვევით დამონტაჟებული „ლენტური ხერხი”.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთი პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 18 პირი.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი რაოდენობით ვაზნები, რამდენიმე ამფეთქი ფალია და კაფსულ-დეტონატორები. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება “გამომშრალი მარიხუანა“ და რეგისტრაციის წესების დარღვევით დამონტაჟებული „ლენტური ხერხი”.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 273-ე პრიმა და 287-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს”, – წერია ინფორმაციაში.
