თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 მაისს პოლიტიკოს მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე დაწყებული საქმის განხილვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომო აქტივისტ თათია აფრიამაშვილის მიმართ 45 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოითხოვა – სანქცირებული მოსამართლე მანუჩარ ცაცუა გადაწყვეტილებას ამ საქმეზე 30 მაისს გამოაცხადებს. მაგდა მამუკაშვილის საქმის განხილვა კი 27 მაისს დაიწყება.
თათია აფრიამაშვილის ადვოკატის განმარტებით ოქმში სავარაუდო სამართალდარღვევად მითითებულია ფრაზები: ” არა რუსულ მონობას”, “ძირს რუსეთის მონები”.
ქართული ოცნების დეპუტატმა მარიამ ლაშხმა თათია აფრიამაშვილის და მაგდა მამუკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო შეიტანა – ამ დღეს, ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტებმა მის მიმართ დამოკიდებულება შემდეგი ფრაზებით გამოხატეს: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს…”
მარიამ ლაშხი ერთადერთი პოლიტიკოსი არ არის, რომელმაც აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია თავდასხმად და შეურაცხყოფად მიიჩნია და აქტივისტების წინააღმდეგ იჩივლა – ანალოგიურად მოიქცა ირაკლი ზარქუაც, რომლის სარჩელის გამოც ზუგდიდის სასამართლომ დღეს ორ აქტივისტ ქალს 3 500 და 4 000 ლარის ოდენობის ჯარმები დააკისრა.
დეპუტატების სარჩელების საფუზველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – სასჯელი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის შეიძლება იყოს ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.
ფორუმი
