“შსს-მ ჯარიმების აღსრულების ახალი სქემა მოხლართა” – ნიკა სიმონიშვილი

შსს-მ ჯარიმების შეტყობინების გარეშე აღსრულების ახალი სქემა მოხლართა, რაზეც ბოლო დღეებში რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა და ზოგმა აქაც დაწერა.
საქმე ისაა, რომ ადგენენ საჯარიმო ქვითარს და აქვეყნებენ ვებგვერდზე, რის შესახებაც არ გზავნიან SMS-საც კი, არათუ ფისტით, მიუხედავად იმისა, რომ მათივე დაწერილი წესებით ევალებათ (ვის უკვირს, მაგრამ მაინც). გასაჩივრების ვადა (გამოქვეყნებიდან 30+10 დღე) რომ გადის, მხოლოდ ამის შემდეგ უგზავნიან დაჯარიმებულს SMS-ს, რომ 7 დღეში უნდა გადაიხადოს ჯარიმა.
✅ რთული სიტუაციაა ეს შედარებით, თუმცა საპანიკო ამაში არაფერია და ამ პოსტის მიზანიც ისაა, რომ აგიხსნათ, ამ დროს რას აკეთებთ:
1️⃣ თქვენი ჯარიმის სტატუსის შესახებ ინფოს ამოწმებთ აუცილებლად ორივე ვებზე: https://police.ge/protocol/index.php და protocols.ge. პირველზე ჯარიმის სტატუსი და გამოქვეყნების შესახებ ინფოა, ხოლო მეორეზე უფრო მნიშვნელოვანი ამბავი – აქაა მითითებული ინფო იმის შესახებ, რომ ჯარიმის გამოქვეყნების შესახებ შეტყობინება (SMS) არ გამოგზავნილა (აქამდე ყველა შემთხვევაში ასე იყო), რაც დადასტურებაა იმის, რომ გამოქვეყნების წესი არის დარღვეული. საბოლოოდ, ორივე ვების სქრინშოთს აკეთებთ, რაც საჩივარს უნდა დაურთოთ.
2️⃣ თუ SMS არ მოგსვლიათ, მაგრამ ვებზე წერია, რომ შეტყობინება გამოიგზავნა, მაშინ თქვენი ნომრის პროვაიდერთან მიდიხართ და police.ge-დან მიღებული შეტყობინებების შესახებ ამონაწერს გააკეთებინებთ, რითაც შეტყობინების გამოუგზავნელობას დაადასტურებთ.
3️⃣ შეგაქვთ საჩივარი სასამართლოში, ჯარიმის ბათილობას და აღსრულების შეჩერებას ითხოვთ. საჩივრის შეტანის წესზე პოსტი მაქვს უკვე დაწერილი და კომენტარში კიდევ ერთხელ დავდებ, რაც შეეხება საჩივრის შაბლონს, გაგიზიარებთ, თუ ამის საჭიროება გექნებათ. ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება მალე შეიტანოთ სასამართლოში საჩივარი, რადგანაც სასამართლომ დადგენილება უნდა მიიღოს აღსრულების შეჩერებაზე და ამას რამდეინმე დღე დასჭირდება.
4️⃣ სასამართლო საჩივარს წარმოებაში რომ მიიღებს (კანონით 5 დღიანი ვადა აქვს), დადგენილება პორტალზე აიტვირთება და ამის შემდეგ საპატრულო პოლიციის დეპის მომსახურების ცენტრში (კახეთის გზატკეცილზე) საჩივრის ჩაბარების დასტურს (სასამართლოში რომ მოგცეს) მიუტანთ, ჯარიმაზე აღსრულების შესაჩერებლად. შემდეგ უკვე ელოდებით პროცესის ჩანიშვნას, რაც რამდენიმე თვეს წაიღებს.
🟢 საჯარიმო ქვითრის ნომრის გარეშე ვერ ნახავთ ვებზე ამ ინფოს, ამიტომ მის გასაგებად ერთი გზაა, საპატრულოს ცხელ ხაზზე (241 42 42) დარეკოთ და იქ კითხოთ, ჯარიმა თუ არის შედგენილი თქვენზე.
ბევრს ეშინია, რომ დავრეკავთ, მერე არ ამოგვიღონ მიზანშიო. მაგის გამო არა, მაგრამ აქციაზე სიარულის გამო კი იქნებით უკვე სამიზნეში, ამიტომ ეგ დაივიწყეთ. თქვენ მხოლოდ ჯარიმის არსებობა/არარსებობის საკითხს არკვევთ და არაა აუცილებელი, რაზეა ჯარიმა, ის დაუკონკრეტოთ. რომც მოუნდეთ თქვენი მოძებნა, ძალიან დიდი ჯოჯოხეთია ეს მათთვის და ამას არც იზამენ.
🟢 თუ აღმოჩნდება, რომ თქვენზე უკვე შედგენილია ჯარიმა და გამოაქვეყნეს კიდევაც, ჯარიმის ქვითრის ნომერი გაარკვიეთ და ზოგადი წესის მიხედვით გაასაჩივრეთ (ამაზეც მაქვს ადრე პოსტი დაწერილი და კომენტარში ამასაც დავდებ). მესმის, რომ ოცნების ახალი კანონპროექტი კიდევ უფრო მკაცრია, თუმცა ძველი ჯარიმების ამბები ჯერ კიდევ აქტუალურია და ჯერ კიდევ მისახედია. ახალ დრაკონულ წესებზე კი მოგვიანებით დავწერ.