შსს დუმს გაზსადენის დაზიანების შესახებ გამოძიებაზე

დღეს უკვე მეოთხე დღეა, რაც აბონენტთა ნაწილს გაზი არ მიეწოდება, თუმცა „თბილისი ენერჯიში“ ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ უფლებამოსილნი არ არიან, გაავრცელონ ინფორმაცია „მესამე პირის“ შესახებ, რომელსაც გაზსადენის დაზიანება უკავშირდება.
ნეტგაზეთმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, მიმდინარეობს თუ არა მოკვლევა, გამოძიება და რა ეტაპზეა ის, არც ამ უწყებას მოუწოდებია.
„გაცნობებთ, რომ ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ მესამე პირის მიერ დაზიანდა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება“, — ასეთი იყო განცხადება, რაც „თბილისი ენერჯიმ“ გაზმომარაგების გათიშვის დღეს გააკეთა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) აცხადებს, რომ მოქალაქეთა მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიების საფუძველზე, სემეკში 17 თებერვალს „თბილისი ენერჯის“ საჯარო მოსმენა გაიმართება.
“500 მმ-იანი გაზსადენის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი უწყებების მიერ და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, — ნათქვამია სემეკის განცხადებაში.
გაზმომარაგების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა გაზის მიწოდება ჯერ კიდევ სრულად არ აღდგენილა საბურთალოს რაიონში. ამ დროისთვის, „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი. გაზმომარაგება აღდგენილია საბურთალოს 65%-ზე მეტში.
„გთხოვთ, გადაკეტეთ გაზის ონკანები, რომ სწრაფად აღვადგინოთ გაზით მომარაგება. იყავით ყურადღებით“, — ავრცელებს მოწოდებას „თბილისი ენერჯი“.
შეგახსენებთ, რომ გაზმომარაგება 9 თებერვალს შეუწყდა ვაკისა და საბურთალოს რაიონებს. 500მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად დაზიანების გამო. საუბარია 150 000 აბონენტზე.