შსს აცხადებს, რომ გამოიყენებს სპეციალურ საშუალებებს, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციის მოთხოვნას

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ე.წ. აგენტების კანონის წინაღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის შესახებ მორიგი განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს.
„იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, გასცდებიან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, სამართალდამცველები წესრიგის დაცვის მიზნით, კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.
სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის ფარგლებში განახორციელებს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
სპეცრაზმი დემონსტრანტებს პარლამენტის შენობისთვის ალყის შემორტყმის საშუალებას არ აძლევენ. აქციის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში, იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი.