შსს აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრო განცხადებას ავრცელებს და რუსთაველზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს რეაგირება მოჰყვება:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები” – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
აცხადებს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება:
„აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება“ — აცხადებენ შსს-ში.
დღეს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაიწყო რუსული კანონის სასეიო განხილვა. სხდომა 21:00 საათზე დასრულდა. სწორედ ამ წუთებში უნდა დატოვონ დეპუტატებმა პარლამენტის შენობა.
აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა, რომლებიც მანიფესტაციას შეუერთდნენ, დაიკავეს პარლამენტის გვერდითა შესასვლელები, ისინი ჭიშკართან ჩამოსხდნენ. პოლიცია მათ ამ წუთებში [21:09] ძალის გამოყენებით ატოვებინებს ტერიტორიას.