გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, ულტრამემარჯვენე დაჯგუფება „საქსონელი სეპარატისტების“ წევრები, რომლებიც, ხელისუფლების თქმით, გერმანიის სახელმწიფოს დაშლისთვის იბრძვიან, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში ვარჯიშობდნენ. ამ დაჯგუფების საქმიანობა „შპიგელმა“ ავსტრიული ყოველდღიური გაზეთის, „დერ სტანდარდისა“ და საინფორმაციო არხ MDR-ის ჟურნალისტებთან ერთად შეისწავლა. გერმანიის პოლიციამ დაჯგუფების რვა წევრი გასული წლის ნოემბერში დააკავა. მათ ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებათ.
გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, „საქსონელი სეპარატისტების“ წევრები რასიზმისა და შეთქმულების თეორიების პროპაგანდას ეწეოდნენ. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დაუზუსტებელ „X დღეს“ გერმანული სახელმწიფო ჩამოიშლებოდა, მინისტრთა კაბინეტი დაემხობოდა და საზოგადოების პარალიზება მოხდებოდა. ამის შემდეგ, მათ, ქვეყნის აღმოსავლეთში, ძალადობის გამოყენებით, დაგეგმილი ჰქონდათ ნაციონალური სოციალიზმის იდეებზე დაფუძნებული ახალი სისტემის შექმნა.
ისინი, ახალი ჰოლოკოსტის ფარგლებში, „ეთნიკურ წმენდასაც“ გეგმავდნენ . „ეს არის 15-20 კაცისგან შემდგარი მებრძოლი ჯგუფი, რომლის იდეოლოგია რასისტული, ანტისემიტური და ნაწილობრივ აპოკალიფსური მსოფლმხედველობის საფუძველზე ჩამოყალიბდა“, -აღნიშნულია ნოემბერში რვა პირის დაკავების შემდეგ ფედერალური პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
„საქსონელი სეპარატისტები“ „X დღისთვის“ სპეციალურად ემზადებოდნენ. ისინი წვრთნებს გადიოდნენ ქალაქში ბრძოლაში, იარაღის ხმარებაში, ღამის ხედვის მოწყობილობების გამოყენებასა და პატრულირებაში. მათ შეიძინეს კომუფლირებული ტანსაცმელი, აირწინაღები, საბრძოლო ჩაფხუტები და დამცავი ჟილეტები. „შპიგელის“ სტატიის თანახმად, ისინი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაზე საკუთარ ქვეყანასა და პოლონეთში ვარჯიშობდნენ.
გასული წლის ნოემბერში, ექსტრემისტული დაჯგუფების წინააღმდეგ გერმანიის პოლიციის მიერ ჩატარებულმა რეიდმა ყურადღება იმით მიიქცია, რომ დაკავებულთა შორის სამი პირი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი იყო. საქსონიის საიდუმლო სამსახური ადგილობრივ AfD ორგანიზაციას ულტრამემარჯვენედ მიიჩნევს. დაკავებების შემდეგ, პარტიის ხელმძღვანელობამ ზემოთ ნახსენები სამი პირი პარტიის რიგებიდან გარიცხა. AfD იქნება ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია ბუნდესტაგში გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, რომელშიც, სავარაუდოდ, კონსერვატიული პოლიტიკური ალიანსის, CDU/CSU („ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“/„ქრისტიან-სოციალური კავშირი“ ) და SPD-ს („სოციალ-დემოკრატიული პარტია“) წარმომადგენლები შევლენ.
გერმანული და ავსტრიული მედიასაშუალებების მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება, ძირითადად, „საქსონიელ სეპარატისტებსა“ და ავსტრიელ ნეონაცისტურ ძალებს შორის კავშირის დადგენაზე იყო ფოკუსირებული. სხვა საკითხებთან ერთად, გაირკვა ისიც, რომ გერმანული ჯგუფის სავარაუდო ლიდერი, ოცდაოთხი წლის იორგ ს., 2023 წელს ვენაში ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნეონაცისტს, გოტფრიდ კიუსელს შეხვდა. თუმცა, ეს შეხვედრა უკვე ხელისუფლებების მეთვალყურეობის ქვეშ იყო მოქცეული.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის ულტრამემარჯვენე ძალების წარმომადგენლები იარაღიდან სროლაში პრაქტიკის გასავლელად ადგილობრივ სასროლეთებს სტუმრობენ, ახალი ნამდვილად არ არის. მაგალითად, 2021 წელს ბავარიულმა ტელეარხმა „BR“-მა გაუშვა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონში არსებული სასროლეთები გერმანელი ულტრამემარჯვენე რადიკალების სამოთხედ იყო დახასიათებული. 2019 წელს მსგავსი ინფორმაცია გერმანულმა საინფორმაციო სააგენტო DPA-მაც გაავრცელა, რომელიც გერმანიის იმდროინდელი მთავრობის მონაცემებს ეყრდნობოდა.
წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”
