შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა კომისიამ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისთვის კონკურსი გამოაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის პირველი სხდომაც, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ორბელიანების სასახლეში გაიმართა და რომელსაც ფილოლოგი ვალერი ასათიანი უხელმძღვანელებს.
მათივე ცნობით, პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების, ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
„პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს ხუთისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს პრემიას, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი ჯილდო.
პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება ელექტრონულად 2024 წლის 23 აპრილიდან – 31 მაისის ჩათვლით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი – 0114, ასევე ელექტრონულად, მისამართზე: info@president.gov.ge. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ცხელი ხაზი): + 995 32 2288888“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ