ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია – კომისიის დასკვნა მართლაც აკადემიური უნდა იყოს, რადგან დასკვნა იმ სექტორს ეხება, რომლის ბრუნვა ჩვენი ეკონომიკის 20%-ია! აქ რაიმე აგრესიული ფორმით ჩარევა ან რაიმე გადაცდომა შეიძლება სავალალო გახდეს არა მხოლოდ სექტორისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკისთვის! – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა გააკეთა, რომელიც პარლამენტში დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა.
ბერეკაშვილმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისიის შექმნის მიზანი, პირველ რიგში, იმ პრობლემების იდენტიფიცირება იყო, რაც საკვებ პროდუქტებზე ფასების გაძვირებას იწვევს.
მისივე თქმით, პრობლემა არის არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ გადაჭარბებულ ხარჯებსა და არაეფექტურ ბიზნესს მოდელში.
“2025 წელს საშუალო ინფლაცია 4% იყო, რაც ახლოს იყო მიზნობრივ ინფლაციასთან. საკვებ პროდუქტებზე ინფლაცია უფრო მაღალი იყო. ამიტომ დღის წესრიგში დადგა, რომ შეგვესწავლა, რა იწვევს ამ პროცესს.
კომისიის მიზანი იყო ასევე ანალიტიკა – სექტორის სიღრმისეული შესწავლა და ამის შემდეგ გეგმის დადება, რითაც შესაძლებელი იყო აღნიშნული პრობლემის მოგვარება. კომისიის 104- გვერდიანი დასკვნა სწორედ ამისგან შედგება. დასკვნა დაყოფილია სამ ნაწილად – პირველი ეს არის მოკლევადიანი დროებითი ღონისძიება. მეორე არის საშუალო პერიოდზე გაწერილი კონკრეტული სისტემური რეფორმები, რასაც სექტორის გაჯანსაღება შეუწყობს ხელს. მესამე არის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც გაწერილია ორ-სამ წელზე. მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ფასწარმოქმნაში არსებობს, არის მიწოდების გრძელი ჯაჭვი. ამ ჯაჭვის დამოკლება საშუალებას მოგვცემს, რომ სექტორი ეფექტური გახდეს.
ფასი, რომელსაც მომხმარებელი დახლზე ხედავს, ქსელის ფასი არ არის. ფასი სამი კომპონენტისგან იქმნება – ეს არის იმპორტიორ-მწარმოებელი, დისტრიბუტორი და ქსელი. სწორედ მათი ერთიანობა ქმნის ფასს და ჩვენ ეს მიწოდების ჯაჭვი სრულყოფილად შევისწავლეთ.
კომისიის დასკვნა მართლაც აკადემიური უნდა იყოს, რადგან იმ სექტორს ეხება, რომლის ბრუნვა ჩვენი ეკონომიკის 20%-ია! აქ რაიმე აგრესიული ფორმით ჩარევა ან რაიმე გადაცდომა შეიძლება სავალალო გახდეს არა მხოლოდ სექტორისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკისთვის. მას შეუძლია ჩაითრიოს იმპორტიორი, მწარმოებელი, საფინანსო სისტემა და ძალიან სავალალო შედეგი მივიღოთ.
დასკვნა იყო სიღრმისეული და დიდ მიღწევად მიმაჩნია, რომ დიაგნოზი სწორად დავსვით.
ჩვენ რუმინეთის და უნგრეთის გამოცდილება შევისწავლეთ. აღნიშნულმა ქვეყნებმა ინფლაციასთან ბრძოლისთვის საბაზისო პროდუქტებზე ზედა ზღვრის ან მარჟების ზედა ზღვრის დაწესება გადაწყვიტეს. შესწავლამ აჩვენა, რომ ასეთმა მიდგომამ – აგრესიულმა ინტერვენციამ უფრო მეტი პრობლემა შექმნა, ვიდრე სიკეთეები და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ.
ადვილი იყო და შეგვეძლო საბაზისო პროდუქტებზე ზედა ზღვრის დაწესების რეკომენდაცია გაგვეცა, მაგრამ შემდეგ ისეთ სავალალო შედეგს მივიღებდით, შეიძლება ბაზრის სტრუქტურა ჩამოშლილიყო.
საფრანგეთისა და საბერძნეთის გამოცდილების შესწავლის საფუძველზე მხარი მსუბუქ ინტერვენციას დავუჭირეთ, რომელიც კონკურენციასა და ბაზრის სტრუქტურას ეფუძნება. ჩვენი ბაზრის სტრუქტურა ძალიან ჰგავს საბერძნეთის ბაზრის სტრუქტურას.
მადლობა მინდა ვუთხრა ქსელებს, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს, რომლებმაც ბერძნული მოდელის ფარგლებში საოჯახო კალათა შექმნეს. ამის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. 15 საბაზისო პროდუქტი, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელს საუკეთესო ფასები შესთავაზეს. ფასები საუკეთესოა, რითაც აღფრთოვანებული დავრჩი. ეს ამ ეტაპზე ძალიან კარგი მიღწევაა“, – განაცხადა ბერეკაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.



