შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს – შსს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს“ – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი.
პოლიციამ ადგილზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ათეულობით მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, რომელთა მეშვეობითაც სავარაუდოდ უკანონო ფინანსური საქმიანობა ხორციელდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო.
სასტუმროში მყოფი პირების გადამოწმებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გამოვლენილ იქნა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე.
მიგრაციის დეპარტამენტმა აღნიშნული პირების მიმართ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მათი დაკავება და წარმოშობის
ქვეყანაში დაბრუნების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსება.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სასტუმროში, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო ხანძარი, რომელიც პოლიციის მისვლის დროს, უკვე ლიკვიდირებული იყო, სასტუმროში მყოფმა სხვა პირებმა ტერიტორია დატოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე გრძელდება. სამართალდამცველები დანაშაულში ჩართული პირების ასევე, მათი ხელმძღვანელების გამოვლენისა და დაკავების მიზნით ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გუანდუნის პროვინცია, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია. საქართველოსთვის ეს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ გუანჯოუს პორტების გავლით შედის ჩინეთის ბაზარზე“ – გიორგი პერტაია