“შიმშილობის 61-ე დღეს, მე და ჩემმა შვილებმა აფგანის მონახულება მოვახერხეთ”- ცოლი

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა ნეტგაზეთთან ამბობს, რომ შიმშილობის 61-ე დღეს, მან და მისმა შვილებმა სადიგოვთან პირისპირ შეხვედრა მოახერხეს.
“დღეს შევხვდით ერთმანეთს. ის უკვე 3 თვეზე მეტია დაკავებულია, ხოლო ამ დროის მანძილზე მხოლოდ ფანჯრიდან მინახავს, ფანჯრიდან ტელეფონით ვსაუბრობდით. თუმცა დღეს ნება დაგვრთეს პირდაპირ შევხვედროდით ერთმანეთს, ამის შესახებ მათვე გვითხრეს. შევედით ცალკე ოთახში, სადაც უკვე იყო აფგანი. შესაძლოა მისი ასე ნახვის ნება იმიტომაც დაგვრთეს, რომ ძალიან ცუდად არის, არ ვიცი. დაახლოებით ერთი საათის მანძილზე, ჩვენ შევძელით საუბარი. ბავშვები მას ეხუტებოდნენ, ტიროდნენ, რადგან ხედავდნენ, რა ცუდად არის მამა,” – ამბობს სევინჩ სადიგოვა.
სადიგოვას თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უფრო მძიმდება. ის ამბობს, რომ სადიგოვი “ტანსაცმლის ჩათვლით, 61 კილოგრამს იწონის.”
“აფგანმა 30 კილოგრამზე მეტი დაიკლო. შაქარი ძალიან დაბალი აქვს, რის გამოც ექიმები ფიქრობენ, რომ შესაძლოა კომაში ჩავარდეს. ის თავადაც ამბობს, რომ ღამით დაძინება უჭირს, ძალიან სტკივა და ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი მისთვის. თუმცა ის მაინც ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ რამდენ ხანს მისცემს ღმერთი სიცოცხლის დროს, არ ვიცი,”- ამბობს სადიგოვა ნეტგაზეთთან
სევინჩ სადიგოვამ აღნიშნა, რომ აფგან სადიგოვს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება – მხოლოდ სხვისი დახმარებითა და ეტლის მეშვეობით.
თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლი, სევინჩ სადიგოვა ნეტგაზეთთან ამბობს, რომ შიმშილობის მე-60 დღეს მეუღლის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა.
“ბოლოს აფგანთან გუშინ, ორშაბათს, ვისაუბრე. მან თქვა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობს. ამბობს, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეა, რადგან მისი მდგომარეობა ძალიან ცუდია. არ ვიცი, მისი მდგომარეობა როგორ იქნება. ხვალ უნდა შევხვდე, 3 საათზე”, – ამბობს სადიგოვის მეუღლე ნეტგაზეთთან.
სევინჩ სადიგოვას თქმით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს “ფიზიკური ძალა აღარ შერჩა.”
“მასთან ბოლო შეხვედრაზე მთავარმა ექიმმა მითხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გართულდა, შესაძლოა კომაშიც ჩავარდესო. როდესაც გუშინ დარეკა, თქვა, რომ ძალიან ცუდად არის. ხვალ წავალ მასთან შესახვედრად. ამჟამად 30 კილოგრამით ნაკლებს იწონის, ღვიძლის სერიოზული პრობლემები აქვს, ხოლო შაქარი – ძალიან დაბალ დონეზე”, – ამბობს სევინჩ სადიგოვა.
დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, მეუღლე 12 ნოემბერსაც ინახულა, სადაც საავადმყოფოს მთავარ ექიმსაც შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრას ციხის ოფიცერი და მთავარი ექიმი ქალიც ესწრებოდნენ.
“მთავარმა ექიმმა მაშინაც მითხრა, რომ აფგანი შესაძლოა სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდი დარჩეს, შესაძლოა მოკვდეს ან კომაში ჩავარდეს. მოითხოვეთ შიმშილობის შეწყვეტაო. მე კი ვუთხარი, ძვირფასო ექიმო, ჩვენ დიდი ხანია მკვდრები ვართ, ვკვდებით, როდესაც კანონები კვდება და სასამართლოები ასრულებენ ბრძანებებს. როდესაც სხვა ქვეყნის ხელმძღვანელობამ ერთი ქვეყნის ამაზრზენი პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, ყველაფერი მოკლა- კანონები, უფლებები და ადამიანობა. ახლა აფგანის ჯანმრთელობა და თავისუფლება ჩემთვის სამყაროს ნიშნავს. მაგრამ ეს მისი არჩევანია. პირობა დავდე, რომ ბოლომდე ჩემი ქმრის გვერდით ვიქნები. ს რეჟიმი და ს რეჟიმი, ორივე სახელმწიფოს სათავეში მყოფი მკვლელები ერთ დღეს მსოფლიო მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს. აფგანი კვდება, მაგრამ ამაყი და ძლიერია. ეს ნიშნავს, რომ სიკვდილი არ არის დასასრული, არამედ დასაწყისია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუნდაც ბოლო იყოს სიკვდილი!”- ამბობს სადიგოვის მეუღლე.
სევინჩ სადიგოვა აღნიშნავს, რომ ექიმთან საუბრის დროს ციხის ოფიცერს “არ მოეწონა ის, რაც საქართველოს ხელისუფლებაზე თქვა და უთხრა კიდეც ეს”. სადიგოვა ამბობს, რომ “უსამართლო შენიშვნაზე ციხის ოფიცერმა საკადრისი პასუხი მიიღო.”
პირველ ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რის საფუძველზეც თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის წინააღმდეგ “ნაკლებად შემზღუდავი ზომა” (გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება) გამოეყენებინა და პატიმრობა ძალაში დატოვა.
“სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და უფრო ნაკლებად შემზღუდავი ზომა არ გამოიყენა – პატიმრობა ძალაში დატოვა. ჩვენი აზრით, აშკარად დაუსაბუთებელია ეს გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არ არსებობს აფგან სადიგოვის გაქცევის ან მიმალვის რისკები, რითაც პროკურატურა აპელირებს.
პროკურატურას არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ამგვარი რისკები არსებობს. სადიგოვი დასუსტებულია, ის ვერ გადაადგილდება, მას მცირეწლოვანი შვილები ჰყავს აქ, ხოლო აზერბაიჯანში წასასვლელი არ აქვს. მას პასპორტიც კი ჩამორთმეული აქვს და ქვეყნიდან გასვლას ვერ შეძლებს. ამიტომ საუბარი იმის შესახებ, რომ მიმალვის რისკი არსებობს, არის აბსურდული”, – ამის შესახებ ნეტგაზეთთან “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ განაცხადა.
აფგან სადიგოვი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
აფგან და სევინჩ სადიგოვები, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ. მიმდინარე წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვი, თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში აპირებდა გადასვლას, თუმცა, მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ — 2016 და 2020 წლებში — დააპატიმრეს და ამბობს, რომ სამშობლოში პოლიტიკური ნიშნით იდევნება.

ასევე დაგაინტერესებთ