18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
მათი თქმით, ამ დროინდელი მონაცემებით, ცენტრში 11 218 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული, მათგან 8 409 მამაკაცია და 2 809 ქალი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 212 ახალი შემთხვევა.
“წლევანდელი თარიღის სლოგანია: „გვახსოვს, ვმოქმედებთ, ვიბრძვით მომავლისთვის!“
2025 წელს მსოფლიო ამ დევიზით აღინიშნავს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, რომელიც მოგვიწოდებს, გარდაცვლილთა მოგონებასთან ერთად გამოვაცხადოთ გლობალური სოლიდარობა აივ ინფიცირებულების მიმართ, ვიმოქმედოთ, რათა დავარღვიოთ სტიგმისა და დისკრიმინაციის ბარიერები და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ 2030 წლისათვის დასრულდეს აივ/შიდსის ეპიდემია.
წელს მსოფლიო 42-ჯერ, ხოლო საქართველო 29-ჯერ აღნიშნავს ამ დღეს, და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას:
პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას, რომელთა რაოდენობამ მსოფლიოში 40 მლნ-ს გადააჭარბა.
გამოვხატოთ სოლიდარობა აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ, რომელთა რიცხვი მსოფლიოში 39 მილიონზე მეტია; ხელი შევუწყოთ საზოგადოების განათლებასა და მობილიზებას ეპიდემიის წინააღმდეგ, გამოვავლინოთ და ვუმკურნალოთ ყველა აივ ინფიცირებულ ადამიანს, რადგან მსოფლიოში მცხოვრები აივ ინფიცირებულების მხოლოდ 85%-მა იცის თავისი აივ სტატუსის შესახებ; წვლილი შევიტანოთ აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დამარცხებაში და ყველა ადამიანს მივცეთ მკურნალობის საშუალება, რადგან არვ თერაპიაზე ინფიცირებული პირების მხოლოდ 75% იმყოფება”, – წერია განცხადებაში.
