შვეიცარია რუსეთის უკრაინაში აგრესიის გამო რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ საერთაშორისო მოწოდებას შეუერთდა. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხუთშაბათს
ბერლინში განაცხადა, სადაც რუსეთის საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლების მომხრე ქვეყნები იკრიბებიან.
“შვეიცარიას მტკიცედ სჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაუსჯელი არ უნდა დარჩეს,” – აღნიშნა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, გასულ თვეს 38 ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მსგავსი საერთაშორისო ტრიბუნალი უნდა შეიქმნას. მათ შორის იყვნენ საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია, გვატემალა, იაპონია და კანადა. უკრაინა, ევროკავშირი და ნიდერლანდებიც საჯაროდ უჭერენ მხარს რუსეთის გასამართლებლად ტრიბუნალის შექმნას.
შვეიცარიელი მინისტრის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) უფლებამოსილია, იმუშაოს ომში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. მიუხედავად ამისა, მას არ აქვს შესაბამისი იურისდიქცია უკრაინაში “აგრესიის დანაშაულზე,” რადგან არც უკრაინა და არც რუსეთი არ არიან ხელმომწერი ქვეყნები “რომის წესდებისა,” რომლის საფუძველზეც 1998 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაარსდა.
საყურადღებოა, რომ შვეიცარია ისტორიულად მუდმივი ნეიტრალიტეტის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის მქონე ქვეყანაა. აღნიშნული სტატუსი გულისხმობს, რომ შვეიცარია არ იღებს მონაწილეობას შეიარაღებულ კონფლიქტებში, არ შედის სამხედრო კავშირებსა და ბლოკებში, და არ განათავსებს საკუთარ ტერიტორიაზე უცხოეთის ჯარებსა და სამხედრო ბაზებს.
ცნობისთვის, შვეიცარია არც ევროკავშირის და არც NATO-ს წევრია, რისი მიზეზიც სწორედ მისი მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსია.