შვედეთში ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის ხუთი მოზარდი გაასამართლეს

შვედი ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის ხუთი მოზარდი, ოთხი ძმა და მათი 15 წლის და გაასამართლეს. უცხოური მედია წერს, რომ ტაქსის მძღოლი მანამდე აღნიშნული გოგოს გაუპატიურებაში იყო ბრალდებული.
გასამართლებული მოზარდებიდან უფროს ძმას, რომელიც მომხდარი მკვლელობის დროს 18 წლის იყო, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. დანარჩენ არასრულწლოვნებს კი ახალგაზრდა დამნაშავეთა დაწესებულებაში სამიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
20 მარტს, მსხვერპლის გაუჩინარებამდე ოთხი დღით ადრე, გოგომ მეგობარს მისწერა: „ჩემი ძმები ჩემს მოძალადეს შეხვდებიან“. ერთ-ერთმა ძმამ კი პარასკევს (მკვლელობის დღეს) დაწერა: “უნდა გავაკეთოთ”, რაზეც მეორე ძმამ უპასუხა: “კარგი”. მკვლელობის შემდეგ ერთ-ერთმა ძმამ მსხვერპლის მობილური ტელეფონით თავის საბანკო ანგარიშზე ფული გადარიცხა.