შვედეთის საბაჟო სამსახური ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შესულ რუსულ გემზე შემოწმებას ატარებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შვედეთის საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსული სატვირთო გემი ქვეყნის ტერიტორიულ წლებში პარასკევს, ძრავის პრობლემების გაჩენის გამო შევიდა.
საბაჟო სამსახურის პრესსპიკერის, მარტინ ჰოლუნდის ცნობით, გემის, Adler-ის მფლობელი კომპანია ევროკავშირის სანქციების სიაშია.
„გუშინ ღამით, 01:00 საათის შემდეგ, შვედეთის სანაპირო დაცვისა და პოლიციის მხარდაჭერით საბაჟო შემოწმების მიზნით გემზე ავედით. შემოწმება გრძელდება“, – აღნიშნა ჰოლუნდმა.
ასევე, მისი თქმით, გემმა რუსეთის სანქტ-პეტერბურგის პორტი 15 დეკემბერს დატოვა, თუმცა შვედეთის საბაჟო სამსახურს მისი დანიშნულების ადგილის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.
Reuters-ის ინფორმაციით, გემი Adler-ის მფლობელი კომპანია M Leasing LLC აშშ-ის მიერაც არის დასანქცირებული და მას ბრალად იარაღის გადაზიდვაში მონაწილეობა ედება.




