საქართველოს საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მიმართ მიმდინარე რეპრესიებს გმობენ.
თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინა კუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), შეშფოთებას გამოთქვამენ, მათ შორის, რეპრესიული კანონმდებლობის მიღების, ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ გამოყენებული სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენების გამო.
თანამომხსენებლებმა დაგმეს ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების სასამართლოში დაბარება სოციალურ მედიაში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სავარაუდო „შეურაცხყოფისთვის“, ასევე დაუსაბუთებელი და არაპროპორციული სამართლებრივი ზომების გამოყენება.
ისინი ასევე გმობენ ოპოზიციის წევრების დაკავებებს, რომლებიც უარს ამბობენ „წინა რეჟიმის მიერ ჩადენილი ქმედებების“ შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე, რომელზეც არაერთხელ განაცხადეს, რომ მისი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვაა.
„ეს მიმდინარე რეპრესიები მხოლოდ აღრმავებს სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპის საბჭოს წევრის სტატუსით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან“, – განაცხადა ორმა თანამომხსენებელმა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ქართული საზოგადოების განსხვავებული აზრის მიმართ ეს არადემოკრატიული რეპრესიები და შეაჩეროს ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა.
ჩვენ კვლავ მზად ვართ შევინარჩუნოთ ღია და კონსტრუქციული დიალოგი ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა დავეხმაროთ ქვეყანას ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში“, – ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.
საქართველოს საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლები არიან: ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინა კუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE),
საქართველო ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომელიც ექვემდებარება ასამბლეის სრული მონიტორინგის პროცედურას, რაც გულისხმობს ორი მომხსენებლის რეგულარულ ვიზიტებს, რომლებიც ხელისუფლებასთან მუდმივ დიალოგს აწარმოებენ, და პერიოდულ პლენარულ დებატებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას სახელმწიფოს პროგრესისა და გამოწვევების სრული შეფასება.
